დავით ბაქრაძე - არ დავმალავ, ჩვენი ხელისუფლების დროს მედიის თავისუფლების თვალსაზრისით იყო სერიოზული პრობლემები, მაგრამ ტელევიზიები ხელისუფლებას ანგარიშს რომ უწევდნენ, ამის უკან ვინ იდგა, დღესაც არ ვიცი
არ დავმალავ, ჩვენი ხელისუფლების დროს მედიის თავისუფლების თვალსაზრისით იყო სერიოზული პრობლემები, მაგრამ ტელევიზიები ხელისუფლებას ანგარიშს რომ უწევდნენ, ამის უკან ვინ იდგა, დღესაც არ ვიცი, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მან უპასუხა კითხვას, იყო თუ არა მისთვის ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდი უხეშად ერეოდა მედიის საქმიანობაში.
„სარედაქციო პოლიტიკას და მედიის თავისუფლებას რაც შეეხება, ამაზე ჩემი აზრი არ დამიმალავს, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით იყო სერიოზული პრობლემები. ამას არ დავმალავ. კლიმატი იყო ისეთი, როცა ატყობ, რომ ხელისუფლების მიმართ ტელევიზიები ლოიალურად არიან განწყობილი, ამის უკან რა დგას და რა მექანიზმია, შეიძლება, არ იცოდე, მაგრამ ლოიალური ტელევიზია, თავისთავად, ნიშანია, რომ ტელევიზია ანგარიშს უწევს ხელისუფლებას, როგორც მინიმუმ. ეს ჩანს, მაგრამ ამ ანგარიშის გაწევის უკან რა დგას და ვინ იყო, რომ მკითხოთ, მე დღესაც არ ვიცი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.