დავით ბაქრაძე - ამომრჩევლის ნდობის საფუძვლად მიმაჩნია გულწრფელობა, მათ შორის, საკუთარი თავისა და იმ ხელისუფლების შეფასებაში, რომლის ნაწილიც ვიყავით
2015 წელს „ქართული ოცნების“ მიმართ ჯერ კიდევ იყო ძალიან მაღალი ნდობა და მოლოდინი, რომ ის სიტუაციას შეცვლიდა და პირველ რიგში, ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებდა, მაგრამ დღეს ეს მოლოდინი და ნდობა აღარ არსებობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძინა თუ არა ნდობა მისმა გუნდმა, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა და რატომ უნდა ენდოს ამომრჩეველი მის გუნდს, თუ პირადად მას, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, ის არსად წასულა, არ დამალულა და მის მიერ გაკეთებული საქმეებით, თუ დაშვებული შეცდომებით, ის საზოგადოების თვალწინაა.
„ერთი, რაც მე ნდობის საფუძვლად მიმაჩნია, ამომრჩეველთან გულწრფელობაა. ჩემთვის ამ გულწრფელობის ნაწილია, ვიყო გულწრფელი, მათ შორის, საკუთარი თავის და იმ ხელისუფლების შეფასებაში, რომელშიც ჩვენ ვიყავით. ეს იყო ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება „ევროპული საქართველოს“ გუნდსა და „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდს შორის“, – განაცხადა ბაქრაძემ.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მათი ამოცანა ვინმესთან, განსაკუთრებით კი ოპოზიციასთან ბრძოლა არ არის, მაგრამ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „ევროპულ საქართველოზე“ შეტევა ყოველდღიურ რეჟიმში ხდება, მათ პერიოდულად პასუხის გაცემა უწევთ.
კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია მას პენსიების ზრდის შესახებ გაცემული დაპირების რეალობად ქცევა, რადგან ეს პრეზიდენტის პირდაპირი ფუნქცია არ არის, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პირდაპირ არჩეული პოლიტიკური ლიდერია და მისი პირდაპირი ვალდებულებაა, ისეთი პოლიტიკური პროცესი შექმნას, რითაც მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს დაეხმარება.
„მაგალითად, პარლამენტში სწორი პოლიტიკური პროცესის შექმნის შედეგად, ჩვენ მივიღეთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, რომელსაც უმრავლესობა თავიდან ეწინააღმდეგებოდა. ანუ, ოპოზიციიდან 20-მა ადამიანმა უმრავლესობიდან 120 ადამიანს ხმა მივაცემინეთ, რადგან სწორ მომენტში სწორი საკითხი დავაყენეთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.