დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოში რუსეთი სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს
სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებებსა და ხედვას ოკუპანტი იმისთვის იყენებს , რომ ჰააგის სასამართლოში საქართველოს ოკუპაცია და ქართველების ეთნიკური წმენდა გაამართლოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჰააგის სასამართლოში 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს სარჩელზე ოკუპანტი საპასუხო სარჩელში სალომე ზურაბიშვილის ციტატებს იყენებს.
„მთელი ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, არაერთგზის იყო დისკუსია, რამდენად ხიფათის მომტანი არის ან შეიძლება იყოს სალომე ზურაბიშვილის განცხადებები 2008 წლის რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. დღეს წარმოგიდგენთ ახალ ფაქტს, რომელიც ადასტურებს არა მხოლოდ იმას, რომ ეს განცხადებები შეიძლება სახიფათო იყოს საქართველოსთვის მომავალში, არამედ იმას, თუ როგორ არის უკვე ზურაბიშვილის პოზიცია და განცხადებები გამოყენებული რუსეთის ფედერაციის, ოკუპანტის მხრიდან. წარმოგიდგენთ საბუთს, ამონაწერს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოდან. როგორც იცით, საქართველომ ჰააგაში საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი რუსეთის წინაღმდეგ, ეთნიკურ წმენდასა და ოკუპაციასთან დაკავშირებით და ამ სარჩელზე რუსეთმა მოამზადა საპასუხო, შესაგებებელი სარჩელი, სადაც ერთ-ერთ არგუმენტად მოყვანილია ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან. ეს არის უკვე მომხდარი და უკვე შემდგარი ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებებსა და ხედვას იყენებს ოკუპანტი იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოში გაამართლოს საქართველოს ოკუპაცია და ქართველების ეთნიკური წმენდა”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურმა გაავრცელა სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან „ქართული ტრაგედია 2003-2008“ ამონარიდი ინგლისურ ენაზე, რომლის ქართული თარგმანიც ასეთია:
„2007 წლიდან საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალეობის მქონე ახალი თავდაცვის მინისტრის მოსვლა ემთხვევა შეიარაღების შესყიდვის მკვეთრ ზრდას: სულ უფრო განვითარებული, უფრო ძვირადღირებული და უფრო მრავალრიცხოვანი. ამგვარად, თავდაცვის ბიუჯეტმა 2007 წლის მთლიანი საბიუჯეტო ხარჯების მეოთხედზე მეტი შეადგინა… საომარი რიტორიკა შეუფარავად იყო მიმართული დაკარგული ტერიტორიებისადმი… ამგვარად, ტერიტორიაზე შეჭრისგან თავდაცვითი პოლიტიკის უკან იყო შეიარაღებისა და აღჭურვის პოლიტიკა, რომელიც შეესაბამებოდა სამხედრო რევანშისა და დაკარგული მიწების ძალის გამოყენებით რეინტეგრაციის ზრახვებს“, – აღნიშნულია ციტატაში, რომელიც, „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან არის აღებული.