დავით ბაქრაძე - 8 მარტის შეთანხმების ორივე პირობა უნდა შესრულდეს, სანახევროდ შესრულებული შეთანხმება არ განიხილება
დღეს კიდევ ერთხელ სრულიად ცალსახად დადასტურდა, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი არის ერთიანი 8 მარტი შეთანხმებასთან დაკავშირებით და პოლიტიკური ვითარების ნორმალიზებას ჩვენ ვხედავთ ამ შეთანხმების ორივე პირობის შესრულებაში, პოლიტიკური დევნის შეწყვეტაში და საარჩევნო პროპორციების შეცვლაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან სანახევროდ შესრულებული შეთანხმება არ განიხილება.
„ოპოზიცია იყო ერთსულოვანი, რომ ორივე პირობა, რომელიც დევს შეთანხმებაში, უნდა შესრულდეს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯებს ორივე მიმართულებით, გაიხსნება პოლიტიკური სივრცე, რათა ოპოზიციამ განიხილოს ბოიკოტის შეცვლის ამ ხმის მიცემის შესაძლებლობა. შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან და ნახევრად შეთანხმების შესრულება არ არსებობს, ამიტომ თუ ხელისუფლება არ შეასრულებს შეთანხმებას მთლიანად, მას ვერ იქნება „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.