ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ქონებრივ დავაზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის სამოქალაქო დავაზე გადაწყვეტილება, რომელიც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფას ეხება, დღეს გამოცხადდება.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.
გასულ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის განცხადებით, დავა სამ ძვირადღირებულ ავტომობილს შეეხება, რომელთაგან ერთი ავტოკატასტროფაში მოყვა. ადვოკატი განმარტავს, რომ აღნიშნული ავტომობილები ქორწინების პერიოდში არ არის შეძენილი და ეს ქონება დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ეკუთვნის.
„მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს დავით ბაგრატიონის სასარგებლო გადაწყვეტილებას. ჩვენი მხრიდან სასამართლოზე წარდგენილი იყო ყველა მტკიცებულება, რომ დადასტურებულიყო სადავო ქონების კუთვნილება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დავით ბაგრატიონი-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ.
საპირისპიროს ამტკიცებს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი და აღნიშნავს, რომ ქონება წყვილის თანაცხოვრების დროს არის შეძენილი. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატ ლევან გორელაშვილის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანა არ უნდა გაუჭირდეს.
„დავა შეეხება დავითისა და ანას ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფას. ქონება, რომელიც ამ პერიოდში არის შეძენილი, დავით ბაგრატიონის საკუთრებაშია რეგისტრირებული და ანას სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს. იმის მიხედვით, თუ რა შედეგით დამთავრდება ეს დავა, მივიღებთ გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციებში პროცესის მსვლელობასთან დაკავშირებით. სასამართლოსგან ჩვენ ველოდებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, ეს არის ერთადერთი კანონიერი და საფუძვლიანი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მსგავსი ტიპის დავებში სასამართლომ მიიღოს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება ზემდგომ ინსტანციაში“, – განაცხადა ლევან გორელაშვილმა.