დავით ბაბაიანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის 120 000 ეთნიკური სომეხი გაემგზავრება სომხეთში, რადგან მათ არ სურთ აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება და ეშინიათ ეთნიკური წმენდის
მთიანი ყარაბაღის 120 000 ეთნიკური სომეხი გაემგზავრება სომხეთში, რადგან მათ არ სურთ აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება და ეშინიათ ეთნიკური წმენდის, – ამის შესახებ „როიტერს“ ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, დავით ბაბაიანმა განუცხადა.
როგორც ბაბაიანი აცხადებს, ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს არ სურთ, აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება და ურჩევნიათ, დატოვონ ტერიტორია.
„ჩვენი ღარიბი ხალხის ბედი ისტორიაში შევა, როგორც სომეხი ხალხისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს სირცხვილი. ჩვენს ბედზე პასუხისმგებლებს ერთ მშვენიერ დღეს მოუწევთ პასუხის გაცემა ღვთის წინაშე თავიანთი ცოდვებისთვის“, – აცხადებს ბაბაიანი.
ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ეთნიკურად სომეხი მებრძოლები იარაღს თმობენ. მანამდე აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებებს დაიცავდნენ და მისცემდნენ ცხოვრების საშუალებას. აზერბაიჯანმა არაერთხელ უარყო მათთვის ზიანის მიყენების განზრახვა.