დავით ასათიანის თქმით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესში კითხვებს აჩენს, რომ 50 კანდიდატს შორის, არაერთი გამოცდილი იურისტი ვერ მოხვდა
თბილისში კონფერენცია თემაზე „სანდო მართლმსაჯულება, დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება: გამოწვევები და შესაძლებლობები“ მიმდინარეობს. კონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები განიხილება.
ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის, დავით ასათიანის განცხადებით, უზენაეს სასამართლოს კანდიდატთა 50-კაციან სიაში არაერთი ღირსეული კანდიდატი ვერ მოხვდა და ახლა მთავარი ადრესატი პარლამენტია, რომელმაც უნდა შეარჩიოს მაღალი კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერი მოსამართლე.
„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველადი გადარჩევის შედეგად, სადაც 50 კანდიდატის ფორმირება მოხდა კითხვის ნიშნები იყო და დღეს ჩვენ გვექნება ამაზეც დისკუსია. ჩვენი ადრესატია პარლამენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური სანდოობა ამ პროცესის, მათ შორის იმ კანდიდატების არჩევა უზენაეს სასამართლოში, რომლებიც გამოირჩევიან სიმტკიცით, მაღალი კეთილსინდისიერებით და მაღალი რეპუტაციით“, – განაცხადა დავით ასათიანმა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, კითხვის ნიშნებს აჩენს ის გარემოება, რომ 50 კანდიდატის შერჩევის პროცესში არაერთი გამოცდილი იურისტი და ადვოკატი ვერ მოხვდა.
„ამის მიზეზები, რა თქმა უნდა, ახსნილი არ არის და დღეს ჩვენ გვექნება დისკუსია, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული, თუმცა რესურსი არის, რომ პარლამენტმა მაქსიმალურად კარგი არჩევანი გააკეთოს. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვაკვირდებით გასაუბრების პროცესს, რომელიც საინტერესოდ მიმდინარეობს. სინამდვილეში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ტიპის ინტერვიუების საფუძველზე ხდება მოსამართლეების შერჩევა.
ასევე აღვნიშნავ, რომ არაერთი ჩემი მოწოდებისა, ბევრმა ღირსეულმა და გამოცდილმა ადვოკატმა და იურისტმა თავი შეიკავა ამ პროცესში მონაწილეობისგან. ამის მიზეზი გარკვეულწილად, არსებობს, თუმცა, ჩემი აზრით ეს პროცესი მაინც უკავშირდება იმას, რომ თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ძალიან აჩქარებულად და არაგამჭვირვალედ დაიწყო პროცესი, რამაც ალბათ ბევრს გაუჩინა ნიჰილიზმი“, – განაცხადა დავით ასათიანმა
კონფერენციას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომანდგენლები.