დავით ასანიძე - ტარიფი 20-30 თეთრით უნდა გაიზარდოს, სხვა შემთხვევაში, შეიძლება, თბილისი მიკროავტობუსის გარეშე დარჩეს
„თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხზე მორიგი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამორტიზებული მიკროავტობუსების განახლება 2018 წელს ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა.
მისივე თქმით, კომპანია მოგებას ვერ ნახულობს, გაუარესდა მომსახურების ხარისხი და სამსახურს ტოვებენ მძღოლები. დავით ასანიძის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანია 500-მდე მძღოლმა დატოვა. დავით ასანიძე კვლავ აცხადებს, რომ გამოსავალი მხოლოდ მგზავრობის საფასურის გაზრდაა.
„ფინანსური პრობლემების გამო 2018 წელს დაგეგმილი ამორტიზებული მიკროავტობუსების ჩანაცვლება ვერ შევძელით, შედეგად კი, ხარისხი გაუარესდა. პრაქტიკულად, დღეს ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ მძღოლების დიდი რაოდენობა მანქანებს ტოვებს და სხვაგან მიდის სამუშაოდ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 500-მდე მძღოლმა დატოვა კომპანია. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ტარიფია, სხვა შემოსავალი არ გვაქვს. თუ ბიზნესს შემოსავალი არ გაეზარდა, ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. მონდომებული ვართ, რომ ახალი მანქანები შევიძინოთ და მოსახლეობა ავტობუსების რეალურ კონკურენტად აღგვიქვამდეს. ჩვენს მიერ გადაყვანილი მგზავრობის რაოდენობა უტოლდება ავტობუსების მიერ გადაყვანილ რაოდენობას. ფასის ზრდის გარეშე ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია“ ,- განაცხადა დავით ასანიძემ.
ასანიძის თქმით, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ტარიფი მართლაც გასაზრდელია, შესაძლებელია, საკითხი მაღალი ავტორიტეტის მქონე უცხოურმა კომპანიამ შეისწავლოს და შესაბამისი დასკვნა დადოს.
„თუ ეჭვს იწვევს, რამდენი უნდა იყოს ტარიფი, მართლა გასაზრდელია თუ არა, შესაძლებელია გამოვიყვანოთ მაღალი ავტორიტეტის მქონე უცხოური კომპანია, რომელიც ამის დასკვნას დადებს. მერწმუნეთ, რა ტარიფიც დადგინდება, იმაზე იაფად მოვემსახურებით მგზავრებს. სამწუხაროდ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. რეალობა შეიძლება ის დადგეს, რომ ერთ დღეს თბილისი მიკროავტობუსის გარეშე დარჩეს. გამოსავალი არის, რომ ტარიფი გაიზარდოს 20-30 თეთრით, – განაცხადა დავით ასანიძემ.
შეგახსენებთ, ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხს დღესაც გამოეხმაურა.
ხმალაძის თქმით, მიკროვტობუსების კომპანიას ნამდვილად აქვს ფინანსური პრობლემები, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ ვალუტის კურსიდან, ასევე, საწვავის ფასიდან გამომდინარე, დაგეგმილი შემოსავლები ვერ მიიღეს. მისივე განმარტებით, აღნიშნული პრობლემები ახალი არ არის.
რაც შეეხება ტარიფს, ხმალაძე განმარტავს, რომ თუ კომპანია მოგებას ვერ ნახულობს, ტარიფის ზრდა მართლაც გამოსავალია, თუმცა მისივე თქმით, როცა მერია ხალხს მოუწოდებს, კერძო მანქანებით არ გადაადგილდნენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა გაუმართლებელია. „ყველა ვარიანტს განვიხილავ, გარდა ტარიფის ზრდისა“ , – განცხადა ხმალაძემ.
ამასთან, საკითხთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.