დავით არახამია - უკრაინა აგვისტოს ბოლოს შეძლებს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, ზოგიერთ ადგილას კონტრშეტევის შემდეგ
უკრაინა შეძლებს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, აგვისტოს ბოლოს, ზოგიერთ ადგილას კონტრშეტევის შემდეგ.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა.
„ჩვენ არ გვინდა ჩვენი გეგმები გავუზიაროთ რუსებს, რადგან ისინი ამას ღია წყაროებში ხედავენ, მაგრამ ვფიქრობ, ზოგიერთ ადგილას ჩვენ კონტრშეტევით ოპერაციებს ჩავატარებთ“, – აღნიშნა არახამიამ.
მისი თქმით, ამჟამად, უკრაინა მოლაპარაკებების აღდგენის შესაძლებლობას არ განიხილავს. ყოველ შემთხვევაში, ვიდრე არ გააძლიერებს თავის ძალებს და რუსული ძალები არ დაუბრუნდებიან იმ პოზიციებს, რომლებზეც 24 თებერვლამდე იყვნენ.
„ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ რაიმე სახის პოლიტიკური შეთანხმება, როგორიც ჩვენ სტამბოლში შევთავაზეთ. მაგალითად, რამდენიმე წელი ყირიმის საკითხს არ შევეხებით. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ სამხედრო გზით, მაგრამ ვაკეთებთ დიპლომატიურად და პოლიტიკურად“, – აღნიშნა არახამიამ.