დავით არახამია - შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საქართველოდან სამთავრობო დელეგაცია ბუჩას ფონზე ფოტოების გადასაღებად ჩამოვიდა
შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საქართველოდან სამთავრობო დელეგაცია იმიტომ ჩამოვიდა, რომ ბუჩას ფონზე ფოტოები გადაეღო, ერთი-ორი ნუგეშის სიტყვა ეთქვა და ეჩვენებინა, რომ რაღაცნაირად არიან ჩართული ამ პროცესებში, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიამ განაცხადა.
არახამიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრას არ დასწრებია.
„არ დავსწრებივარ. სპეციალურად არ წავედი, რადგან ასეთი განცხადებების შემდეგ საერთოდ ვერ ვხედავდი ამ ადამიანების ნახვის ვერანაირ აზრს.
ოპოზიციურ პარტიასთან შესახვედრად წავედი, რადგან მესმოდა, რომ მათი პოზიცია განსხვავებულია. იქამდე ჩვენი საგარეო დაზვერვის სამსახურის შეფასებას ვნახულობდი, ვინ რა განცხადებებს აკეთებს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ (საქართველოს) სამთავრობო დელეგაცია იმიტომ ჩამოვიდა, რომ ბუჩას ფონზე ფოტოები გადაეღო, ერთი-ორი ნუგეშის სიტყვა ეთქვა და ეჩვენებინათ, რომ რაღაცნაირად არიან ჩართული ამ პროცესებში“, – განაცხადა არხამიამ.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ რეალურად იყო ჩართული, უნდა დაიცვა ის სანქციები, რომელსაც მთელი მსოფლიო უწესებს რუსეთს.
„მთელი ევროკავშირი ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ გავუხსნათ რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშები ბანკში და დღეს საქართველოში ბანკები დიდი სიამოვნებით უხსნიან ანგარიშებს, რუსი ბიზნესმენები კი თავს არიდებენ სანქციებს ქართული კომპანიების მეშვეობით. ხსნიან და არეგისტრირებენ კომპანიებს საქართველოში“, – აღნიშნა არახამიამ.
ამასთან, როგორც არახამიამ აღნიშნა, საქართველოში უკრაინის ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით საუბარი შესაძლოა, დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება და პრეზიდენტ ზელენსკის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოს პარლამენტს მიმართოს.
არახამია მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხო.
„კვლავაც ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გადაცემას უკრაინისთვის, მაგრამ ეს საკითხი წყდება არა საქართველოში, არამედ კრემლში“, – განაცხადა არახამიამ.