დავით არახამია - სავსებით ცხადია, „ქართული ოცნება“ იბრძვის იმისთვის, რომ შეასრულოს რუსული დაკვეთა და საქართველო ევროპული სტატუსის გარეშე დატოვოს
სავსებით ცხადია, „ქართული ოცნება“ იბრძვის იმისთვის, რომ შეასრულოს რუსული დაკვეთა და საქართველო ევროპული სტატუსის გარეშე დატოვოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ახლა, როცა გაჩნდა შანსი, ქართველმა ხალხმა მიიღოს სტატუსი, მთავრობა საბოტაჟის მორიგ აქტს ახორციელებს.
„საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეზე „ქართული ოცნების“ რეაქცია სრულიად აშიშვლებს იმ რეალობას, რომ დღეს ივანიშვილი და მის უკან მდგარი რუსეთი ათამაშებენ 2013 წლის იანუკოვიჩის სცენარს, ოღონდ პირიქით: რაკიღა ახსოვთ იანუკოვიჩის ისტორიის დასასრული, თვითონ ღიად ვერ ამბობენ უარს სტატუსზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ევროკავშირმა უთხრას უარი სტატუსის მინიჭებაზე. ამ მიზნით, სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების გადაწყვეტილება მომწიფდება თუ არა, იჭერენ ქვეყნის ყველაზე გავლენიან და კრიტიკულ ჟურნალისტს, იღებენ რუსულ კანონს, აღადგენენ ფრენებს რუსეთთან. და ახლაც, როცა მორიგ ჯერზე გაჩნდა შანსი, მიუხედავად რუსული და ანტიდემოკრატიული მთავრობისა, ქართველმა ხალხმა მისი უდიდესი სურვილისა და ისტორიული დამსახურების გამო მიიღოს სტატუსი, მთავრობა საბოტაჟის მორიგ და ყველაზე სამარცხვინო აქტს ახორციელებს. სავსებით ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ იბრძვის იმისთვის, რომ შეასრულოს რუსული დაკვეთა და საქართველო ევროპული სტატუსის გარეშე დატოვოს“, – წერს არახამია.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.