დავით არახამია - ჟურნალისტის პატიმრობა პირდაპირ კეტავს გზას ევროკავშირისკენ, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ ცხადყოფს, რომ ერთნაირად გვესმის ამ პრობლემის მნიშვნელობა
დავით არახამია - ჟურნალისტის პატიმრობა პირდაპირ კეტავს გზას ევროკავშირისკენ, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ ცხადყოფს, რომ ერთნაირად გვესმის ამ პრობლემის მნიშვნელობა

ჟურნალისტის პატიმრობა პირდაპირ კეტავს გზას ევროკავშირისკენ, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ ცხადყოფს, რომ ერთნაირად გვესმის ამ პრობლემის მნიშვნელობა, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს.

არახამია ეხმაურება „უკრაინსკაია პრავდასთან“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს, სადაც ზურაბიშვილი, მათ შორის, ნიკა გვარამიას საკითხზე საუბრობს.

როგორც დავით არახამია წერს, ეს საკითხი დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს.

„დღეს ვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს. ჩემი შეფასებით, მას კარგად ესმის ის გამოწვევები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყნის წინაშე დგას. ამ ჩამონათვალში უმთავრესი წინაღობა ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთაა. თუ საქართველოს სურს, ააშენოს დემოკრატიული სახელმწიფო, თავისთავად, უმთავრესი ფუნდამენტი თავისუფალი სიტყვის დაცვა უნდა იყოს. ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ვერ ნახავთ ისეთს, ვისთვისაც გასაგებია ნიკა გვარამიას პატიმრობა. ეს არის პოლიტიკაზე მაღლა მდგომი საკითხი და დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს. ჟურნალისტის პატიმრობა პირდაპირ კეტავს გზას ევროკავშირისკენ. ქ-ნი პრეზიდენტის ინტერვიუ ცხადყოფს, რომ ერთნაირად გვესმის ამ პრობლემის მნიშვნელობა“, – წერს დავით არახამია.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების თემაზე განაცხადა: „ერთადერთი, როგორც ჩანს, არის ის, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია ზეწოლის ქვეშ შეწყალება, რადგან მასზე, შესაძლოა, ზეწოლა მოახდინონ შიგნიდან და მე ამის შესახებ ვისაუბრე ევროპარლამენტში. დღევანდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ, ვფიქრობ, სამი ათასი პატიმარი გვყავს. მათი ოჯახებიდან, მეგობრებიდან ან გავლენის ჯგუფებიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ზეწოლის დაწყება. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ჩემზეა. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ მის შესაბამისად. მე საკუთარ თავზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როდესაც გადავწყვეტ, გავაკეთო ეს თუ არა. თუმცა, რაც ნაკლებია გარედან ზეწოლა, მით უკეთესია შეწყალებისთვის. ხელისუფლებაზე ზეწოლა, პასუხის მოთხოვნა – ეს სხვა საქმეა. თუმცა, შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილება ნებისმიერი ქვეყნისთვის, იქნება ის პატარა თუ დიდი, გამოყენებული კამპანიის მასშტაბების მიუხედავად, ვერ იქნება ზეწოლის საგანი. მე თავად ვიყავი ძალიან არაგონივრული სიტყვების სამიზნე ამ ჟურნალისტის მხრიდან, რომელიც იყო არა მხოლოდ ჟურნალისტი. ის ასევე სხვადასხვა დროს იყო პროკურორი და არა ის პროკურორი, რომელიც ნამდვილ მართლმსაჯულებას ახორციელებდა. თუმცა, ადამიანები პასუხს აგებენ მხოლოდ იმისთვის, რისთვისაც ისინი გაასამართლეს. მიმაჩნია, რომ შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება – ეს ერთადერთი უფლებაა, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ“.