დავით არახამია - ამერიკაში ვასაბუთებდი კონცეფციას, რომ ივანიშვილი პრორუსული ტიპის ოლიგარქია, ჰყავს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც ზიანს აყენებს ქართველ ხალხს
დავით არახამია - ამერიკაში ვასაბუთებდი კონცეფციას, რომ ივანიშვილი პრორუსული ტიპის ოლიგარქია, ჰყავს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც ზიანს აყენებს ქართველ ხალხს

არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს ხელისუფლების აშკარა ფეიკებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის, რომელიც არასანდო ინფორმაციებს ერთი ოლიგარქის შეკვეთით ავრცელებს, – ამის შესახებ უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„გამარჯობა საქართველო. ვწერ ამ ვიდეოს, რათა უარვყო აშკარა ფეიკები, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავრცელებს. ცოტა ხნის წინ, პარლამენტის სხდომაზე მან განაცხადა, თითქოს არახამია ევროპასა და ამერიკაში დადიოდა და არწმუნებდა, არ მიეღოთ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატად. პირველი, ევროპაში არახამია არ ყოფილა. მეორე – ამერიკაში არახამია კონკრეტულად დაკავებული იყო იმით, რომ ასაბუთებდა კონცეფციას, რომ ბატონი ივანიშვილი პრორუსული ტიპის ოლიგარქია, რომელსაც ჰყავს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც ზიანს აყენებს ქართველ ხალხს, რომელსაც ევროპა უნდა“, – განაცხადა არახამიამ.

მისივე თქმით, თბილისში გამართულმა აქციამ აჩვენა, რომ ქართველებს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.

„ახლახან გამართულმა ხალხმრავალმა მიტინგმა, მკაფიოდ აჩვენა, რომ ქართველები ევროპის ნაწილი არიან, ყველას სურს, ევროპის ნაწილი გახდნენ. ჩვენ, როგორც უკრაინის ხელისუფლება, მაქსიმალურად დავეხმარებით საქართველოს, ევროკავშირის წევრი გახდეს. არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს ხელისუფლების აშკარა ფეიკებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის, რომელიც არასანდო ინფორმაციებს ერთი ოლიგარქის შეკვეთით ავრცელებს. დასანანია, რომ მთელი საქართველო, მთელი მისი კეთლისმსურველი ხალხი, რომელმაც დღეს ჩვენი დევნილები შეიფარა, ბევრი ქართველი, რომლებიც ჩვენს მხარეს იბრძვიან რუსი აგრესორების წინააღმდეგ, დღეს ერთი ოლიგარქის ტყვეები გახდნენ. ქართველებო, გამაგრდით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად დიდი მომავალი გველის ევროპის შიგნით“, – აღნიშნა არახამიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში დაჟინებით ითხოვდა, საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, იყო დავით არახამია“.