დავით არახამია აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის ყველაფერი მზად არის
უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის” ლიდერის დავით არახამიას განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის გასამართად ყველაფერი მზად არის. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის მიღწევის დოკუმენტების პროექტები უკვე შემუშავებულია მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციების მიერ, რათა მოეწყოს შეხვედრა უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის.
„რუსულმა დელეგაციამ დაადასტურა ჩვენი თეზისი, რომ დოკუმენტების პროექტები საკმარისად არის შემუშავებული, რათა კონსულტაციები ჩატარდეს უშუალოდ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის, ანუ უკრაინის პრეზიდენტსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის. ჩვენი ამოცანაა, სწრაფად შევიმუშაოთ იმ საკითხების საბოლოო სტადია, რომლებსაც უკვე შევეხეთ და მოვამზადოთ პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრა“, – განაცხადა არახამიამ.
არახამიას თქმით, ჯერჯერობით შეხვედრის გამართვის არც თარიღი და არც ადგილი არ არის შეთანხმებული, თუმცა დიდი ალბათობით შეხვედრა სტამბოლში ან ანკარაში გაიმართება.
ამასთან, „ხალხის მსახურის” ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინის ნეიტრალური სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინელმა ხალხმა უნდა მიიღოს, რისთვისაც უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი. მისივე თქმით, თუ უკრაინელი ხალხი უარს იტყვის ნეიტრალიტეტზე მხარეები საომარ მდგომარეობას დაუბრუნდებიან ან გაიმართება ახალი მოლაპარაკებები.
არახამიას თქმით, უკრაინას სურს, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები სხვა ქვეყნებისგან და ამით შექმნას „საკუთარი უკრაინული ნატო“.
„ჩვენ გვსურს შევქმნათ ჩვენი უკრაინული ნატო, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს უდიდესმა და ეფექტურმა ქვეყნებმა აღმოგვიჩინონ მხარდაჭერა აგრესიის შემთხვევაში“, – განაცხადა მან.
არახამიას თქმით, ნატო-ს სამი ქვეყანა – თურქეთი, გერმანია და იტალია – უკვე დათანხმდნენ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთანხმებას ბრიტანეთი და შეერთებული შტატებიც შეუერთდნენ, რადგან მ„ათ გარეშე ასეთი შეთანხმების ხელმოწერას აზრი არ ექნება“. არახამიას განცხადებით, ამ ორი ქვეყნის გარდა, უკრაინისთვის ასევე მნიშვნელოვანია საფრანგეთის, ჩინეთისა და თურქეთის მონაწილეობა.