დავით აფციაური - საჭიროა კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნა, რაც ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ამის გარეშე ევროკავშირის ბაზარს ვერ ავითვისებთ
საჭიროა კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნა, რაც ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ამის გარეშე ევროკავშირის ბაზარს ვერ ავითვისებთ და სხვები აითვისებენ, – ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების დირექტორმა, დავით აფციაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„დღეს აბსოლუტურად კონკრეტული ამოცანები გვაქვს გადასაწყვეტი, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობისა და საქართველოს ეკონომიკის ხარისხობრივი პარამეტრების შეცვლასთან არის დაკავშირებული. ავიღოთ საგარეო ვაჭრობის საკითხი. რას ვყიდით? – ჩვენი ექსპორტის სტრუქტურა ისევ მოძველებულია. პრაქტიკულად, ეს არის ნედლი და სოფლის მეურნეობის პროდუქციის რიგი მიმართულებები, რაც წლების განმავლობაში უცვლელია. კი, გარკვეული პოზიტიური დინამიკა არის, მაგრამ სტრუქტურა პრაქტიკულად იგივეა. დღეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური იქნება, როდესაც გლობალური ეკონომიკური სანქციების პირობებში ვიმყოფებით და ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება. საჭიროა კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნა, რაც ადვილი ნამდვილად არ არის და ერთ-ორ წელიწადში არ ხდება, მაგრამ მუშაობის დაწყება უკვე საჭიროა. ამის გარეშე ევროკავშირის ბაზარს ალბათ, ვერ ავითვისებთ და სხვები აითვისებენ“, – განაცხადა აფციაურმა.
ამ განცხადებით დავით აფციაურმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ ვერ ახერხებს ქართული ბიზნესი ევროპულ ბაზარზე ფეხის მოკიდებას და რას ვერ ვაკეთებთ ევროპული ბაზრის დასაკმაყოფილებლად.
მისი თქმით, ასევე დგას კვალიფიკაციის და შრომითი რესურსების ხარისხის პრობლემა.
„ჩვენ ამ მესიჯებს ვიღებდით ბრიუსელიდან, არა ერთხელ, მაგრამ საკითხი ისევ ღიადაა. თუნდაც, ერთობლივი საწარმოების შექმნის საკითხი ავიღოთ, რაც ძალიან კარგია, მით უმეტეს, გარშემო სივრცესთან, თითქმის ყველასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გვაქვს, მაგრამ შენ რას აწარმოებ? შეგიძლია, შენი რესურსებით რაღაც შექმნა? ეს დიდი პრობლემაა. დღეს მარტივი ოპერაციებიც გართულებულია, ვინაიდან მთელი რიგი მიმართულებებით შესაბამისი სპეციალისტები არ გვყავს. ამიტომ, ეს მხოლოდ სურვილად რჩება. დღეს ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და მომდევნო ეტაპზე მთელი ძალისხმევა ამ ამოცანების შესრულებაზე უნდა გადავიტანოთ. აქ ყველას ექნება თავისი ადგილი, სამთავრობო სექტორსაც და აკადემიური, თუ საქმიანი წრეების წარმომადგენლებსაც“, – განაცხადა აფციაურმა.
ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ არსებული გლობალური რისკებიდან გამომდინარე, დგას ხელახალი ანალიზის გაკეთების აუცილებლობა, თუ როგორ გაკეთდეს ადაპტირება და დაჩქარდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
„არის ხელახალი ანალიზის აუცილებლობა, როგორ გაკეთდეს ადაპტირება არსებული რისკებიდან გამომდინარე, რათა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს. გარე თუ შიდა ჭარბი რისკების სამყაროში მომავლის პროგნოზირება ცოტა რთულია, თუმცა შეიძლება გარკვეული ანალიზის გაკეთება, თუ როგორ განვითარდება პროცესები. ეს შესაძლებელია და უნდა გაკეთდეს კიდეც. ჩვენ დღეს ევროინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის არა მარტო ახალ ეტაპზე გადავდივართ, რაც ლოგიკური პროცესია, არამედ პრაქტიკულად, ორი უზარმაზარი კრიზისის პირობებში ვიმყოფებით. ეს არის პანდემია, რომელიც პოზიტიური ელემენტების გამოჩენის მიუხედავად ჯერ მაინც არ დასრულდა და მეორე, ეს არის უკრაინაში მიმდინარე ტრაგედია. ეს ორი ძალიან სერიოზული გლობალური ვითარება გვიბიძგებს იმისკენ, რომ აუცილებელია, ანალიზი ჩვენ თვითონ ჩავატაროთ. აუცილებელია, ჩვენ მაქსიმალურად მოვახდინოთ ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით ყველანაირი რისკის მინიმიზირება. მათ შორის, შიდა რისკების, რაც არის ხშირ შემთხვევაში კონსენსუსის უქონლობა შიდა პოლიტიკურ არენაზე. ვფიქრობ, რეზოლუციის მიღება და ამ პროცესში აქტიური ჩართვა იქნება გამაერთიანებელი თუ არა, ძალიან ჯანსაღი და კარგი საფუძველი, რომ ერთიანად, კიდევ უფრო ინტენსიურად დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით“, – განაცხადა დავით აფციაურმა.
როგორც დავით აფციაურმა აღნიშნა, საქართველომ უნდა აჩვენოს მაგალითი, რომ ქვეყანაში რეფორმები არის არა მარტო მდგრადი, არამედ ეს რეფორმები ვითარდება.
„რეფორმები ნამდვილად განვითარების პროცესშია და არა შენელების. თუმცა, გარკვეული მიზეზები ჩნდება ხოლმე“, – განაცხადა აფციაურმა.