დაურ კოვეს განცხადებით, სოხუმში მიმდინარე მოვლენები „ქვეყნის საშინაო საქმეა“
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, დაურ კოვეს განცხადებით, სოხუმში მიმდინარე მოვლენები მათი „საშინაო საქმეა“.
როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, მიმდინარე მოვლენები საგარეო ძალებთან არ არის დაკავშირებული, ამიტომ პრობლემა აფხაზეთში მცხოვრებმა მოსახლეობამ და „აფხაზეთის ხელმძღვანელობამ“ უნდა გადაჭრან.
„ქართველი ჩინოვნიკები ცდილობენ, სახუმის დემონსტრაციები საერთაშორისო საზოგადოებას მიაწოდონ როგორც მოვლენები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარდება. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ განვითარებული მოვლენები ეხება ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკას. ამიტომ მას აფხაზი ხალხი და აფხაზეთის ხელმძღვანელობა მოაგვარებს. ჩარევა, საიდანაც არ უნდა იყოს ის, დაუშვებელია“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია 9 იანვარს, დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობდნენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
10 იანვარს კი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ ოკუპირებულ აფხაზეთში 20 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო.