დაუდგენელი დაავადების გამო, ინდოეთში სამასზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა
სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთში დაუდგენელი დაავადების დიაგნოზით 300-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა; ადგილობრივ ოფიციალურ პირთა განცხადებით, რომლებიც შემთხვევას სწავლობენ, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
CNN-ის ცნობით, ინდოეთის ანდჰრა-პრადეშის შტატის ქალაქ ელურუს საავადმყოფოს პაციენტები აცხადებენ, რომ შაბათ-კვირას მათ გარკვეული სიმპტომები განუვითარდათ, მათ შორის — გულის წასვლა, გონების დაკარგვა, ღებინება.
ამ ყველაფერთან ერთად, ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ. ანდჰრა-პრადეშის შტატი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებულია და დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იქ 800 000-ს აჭარბებს.
თუმცა, შაბათ-კვირას დაფიქსირებული მასობრივი ჰოსპიტალიზების მიზეზი COVID-19 არ ყოფილა.
„ყველა პაციენტის COVID-19-ზე ტესტის პასუხი უარყოფითია“, — ამბობს ქალაქის ერთ-ერთი უბნის ზედამხედველობის ოფიცერი დოლა ჯოში როი და იქვე აღნიშნავს, რომ საავადმყოფოდან უკვე გაეწერა 180 ადამიანი, დანარჩენთა მდგომარეობა კი სტაბილურია. მისივე განცხადებით, სხვების მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდა გარდაცვლილსაც, მაგრამ შემდეგ დაფიქსირდა გულის გაჩერება.
ანდჰრა-პრადეშის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სისხლის პირველადმა ტესტებმა ვირუსული ინფექციის კვალს ვერ მიაგნო. მაგალითად, ისეთების, როგორებიც არის დენგეს ცხელება ან ჩიკუნგუნია; ორივე ინფექციას კოღოს ნაკბენი იწვევს.
ხელისუფლება ახლა ქალაქ ელურის წყლის ნიმუშებს ამოწმებს, რადგან როგორც ირკვევა, ყველა პაციენტს წყალი ერთი და იგივე რეზერვუარიდან მიეწოდება. ნიმუშები 75 860 სახლში შეაგროვეს და ლაბორატორიაში გაგზავნეს.
„მიზეზი ჯერ უცნობია, მაგრამ ვატარებთ ყველა სახის ტესტს, მათ შორის საკვებსა და რძეზეც“, — ამბობს როი.
დამატებითი ნეიროტოქსიკური ტესტირებების ჩასატარებლად, ქალაქ ელურუში ჩავიდა ინდოეთის სამედიცინო მეცნიერებათა თითქმის ყველა ინსტიტუტის სპეციალისტი, მაგრამ შედეგები ჯერ უცნობია.
მომზადებულია CNN-ის მიხედვით.