დათუნაშივილისა და გეგეშიძის დაპირისპირებას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილავენ
დათუნაშივილისა და გეგეშიძის დაპირისპირებას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილავენ

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა 23 თებერვალს ფალავანთა კლუბში გაიმართება. დღის წესრიგის მთავარი თემა, ბოლო პერიოდში ჭიდაობის სამყაროში განვითარებული მოვლენები იქნება. კონკრეტულად კი პრეზიდიუმის წევრები 11 იანვარს, სპორტის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატზე მომხდარ ინციდენტს განიხილავენ. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრები ტიტულოვანი ვეტერანი მოჭიდავეები არიან. ფალავანთა კლუბში სხდომა 15 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, 2019 წლის 11 იანვარს ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის ფინალური შეხვედრისას, მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ როგორც თავად სპორტსმენები, ასევე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები.

დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს. სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 22 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს. საბოლოოდ სასამართლომ გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ის თანამდებობასაც ინარჩუნებს.