დათო კიკვიძე - ეროვნულმა ბანკმა საბანკო რეგულაციები მოკლევადიან პერიოდში მაინც უნდა შეარბილოს, რომ ლარის კურსის გამყარების ტრენდი სტაბილური იყოს
დათო კიკვიძე - ეროვნულმა ბანკმა საბანკო რეგულაციები მოკლევადიან პერიოდში მაინც უნდა შეარბილოს, რომ ლარის კურსის გამყარების ტრენდი სტაბილური იყოს

ეროვნულმა ბანკმა საბანკო რეგულაციები მოკლევადიან პერიოდში მაინც უნდა შეარბილოს, რომ ლარის კურსის გამყარების მოკლევადიანი ტრენდი სტაბილური იყოს. ამ სტაბილურობის ფონზე დედოლარიზაციის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმაც შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ ეკონომისტმა და საბანკო პროდუქტების ექსპერტმა, დათო კიკვიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში დღეს განაცხადა.

გადაცემაში ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების ტრენდი და მისი პერსპექტივა განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ლარის კურსზე მოქმედ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეთანხმებული პოლიტიკა.

„ინფლაციასა და გაცვლით კურსს შორის კორელაციის მომენტი ქართულ შემთხვევაში უფრო მძაფრია, იქიდან გამომდინარე, რომ სამომხმარებლო კალათის დაახლოებით 70 პროცენტი იმპორტზეა დამოკიდებული. რაც შეეხება მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის შეთანხმებულ ქმედებებს – ეს არის ალბათ ამოსავალი წერტილი. ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი, ასე ვიტყოდი, ერთიანი ორგანიზმი უნდა იყოს და ეკონომიკური გუნდი ეროვნული ბანკის ქმედებებს ფეხდაფეხ უნდა მიჰყვებოდეს, მაგრამ ეროვნულმა ბანკმაც მონეტარული პოლიტიკის კუთხით სწორი ნაბიჯები უნდა გადადგას. მაგალითად, ეროვნული ბანკის ბოლო რეგულაციებს უკუპროპორციული შედეგი მოჰყვა. თუნდაც დედოლარიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გარკვეულწილად არაეფექტიანი იყო და საბოლოო ჯამში ეკონომიკის მაჩვენებლები არ გაგვიუმჯობესდა – ეკონომიკური ზრდა შეგვინელდა. ამას დაემატა ზაფხულის მოვლენები. ამიტომ ვისურვებდი, რომ ეროვნული ბანკის ნაბიჯები მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით უფრო მოზომილი იყოს. ამას ეკონომიკის სამინისტრომ და ეკონომიკურმა გუნდმა ხელი უნდა შეუწყოს“, – განაცხადა კიკვიძემ. 

მისი მოსაზრებით, ეროვნულმა ბანკმა ბანკების რეგულირების კუთხითაც ზედმეტად გაამკაცრა პოლიტიკა და ლარის კურსის სტაბილურობისთვის სასურველია, ეს პოლიტიკაც შერბილდეს.

„როცა ეროვნულმა ბანკმა ასეთი მკაცრი სარეგულაციო პაკეტი მიიღო, თავიდანვე აღვნიშნე, რომ ის საკმაოდ მკაცრი იყო თუნდაც მსესხებლის შემოსავლის დადასტურებასთან მიმართებით. ამას ემატება ყოველთვიური გადასახდელის რეგულაციები, უზრუნველყოფის კოეფიციენტები, ამას დაემატა დედოლარიზაციასთან დაკავშირებული რეგულაცია, რომელიც 200 ათას ლარამდე უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის შეზღუდვას ითვალისწინებდა. ეს მომენტები, რა თქმა უნდა, დასარეგულირებელია. ახლაც კურსის გაუფასურების შედეგად პრემიერმა ფინანსთა სამინისტროს დაავალა, რომ ამ 200 ათასიან ზღვარს გადახედოს, რაც სწორი და აუცილებელია. ეროვნულმა ბანკმა რომ ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნა შეუმცირა, ეს გამოთავისუფლებული უცხოური ვალუტა ეკონომიკაში უნდა ჩაისხას. ამის ერთადერთი გზა არის დაკრედიტება. შესაბამისად, თუ ეს ზღვრები ისე დაბალანსდება, რომ დოლარიზაციის მაჩვენებელთან ბრძოლა ეფექტური იყოს და ამავდროულად ლარის კურსზეც წნეხი არ გამოიწვიოს, ეს იქნება იდეალური. ამიტომ ამ კუთხით ეროვნულმა ბანკმა სარეგულაციო სიმკაცრეს უნდა გადახედოს და გარკვეულწილად შეარბილოს თუნდაც მოკლევადიან პერიოდში, იმისთვის, რომ კურსის მოკლევადიანი ტრენდი სტაბილურად და არა მკვეთრად, მერყევი იყოს. ამ სტაბილურობის ფონზე დედოლარიზაციის მიმართულებით კიდევ რაღაც ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას. თუმცა მიმდინარე ეტაპზე, როცა ინფლაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და გაცვლითი კურსის ძალიან ცუდი მაჩვენებელი გვაქვს, მნიშვნელოვანია, რომ უცხოური ვალუტის ეკონომიკაში შესვლის არხები რაც შეიძლება ღია და ეფექტური იყოს, რომ ეკონომიკამ დოლარი მიიღოს და კურსზე წნეხი შერბილდეს“, – განუმარტა დათო კიკვიძემ „ბიზნესპარტნიორს“.