დათო გელაშვილი - ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქონლის რეალიზაციასთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული, არ იკრძალება
დათო გელაშვილი - ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქონლის რეალიზაციასთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული, არ იკრძალება

ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქონლის რეალიზაციასთან პირდაპირ დაკავშირებული არ არის, არ იკრძალება, თუმცა ბიზნესმა პანდემიის პირობებში ამოქმედებული სავალდებულო უსაფრთხოების ნორმები ზედმიწევნით უნდა დაიცვას, – ამის შესახებ კომპანია „ბიდიო ლეგალის“ პარტნიორმა, დათო გელაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა – „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ქვეყანაში ამოქმედებული საგანგებო მდგომარეობის ბიზნესზე გავლენისა და კერძო სექტორის მთავრობის მოთხოვნების მიმართ მზადყოფნის საკითხი განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა კერძო სექტორში გარკვეულ კითხვის ნიშნებს წარმოშობს კერძო საკუთრების განკარგვის, ფორსმაჟორული სიტუაციის ამოქმედებისა თუ საგადასახდო კუთხით.

ბიდიო ლეგალის“ პარტნიორის განმარტებით, მთავრობის დადგენილება საგანგებო მდგომარეობის შესახებ ძირითადად საქონლის პირდაპირ რეალიზაციასთან დაკავშირებულ ბიზნესაქტივობას კრძალავს. დანარჩენებს შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

„ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვაზე ჩანაწერი ასეთია, რომ აკრძალულია ან უნდა დაიხუროს ყველა სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ნებისმიერი საქონლის, პროდუქციის მიწოდებას. ამ ჩამონათვალში მომსახურება არ არის შეტანილი და ამ ორი სხვადასხვა შეზღუდვის განმარტების შედეგად ტექსტი ისე იკითხება, რომ მომსახურების გამწევი სუბიექტები, წარმოება, საწარმოები და ა.შ. ის, ვინც საქონლის რეალიზაციასთან პირდაპირ დაკავშირებული არ არის, არ იზღუდება და საქმიანობა არ ეკრძალება. მაგრამ ისეა მოცემული, რომ მათ საქმიანობა უნდა განახორციელონ სიფრთხილის წესების სრული დაცვით. ეს გულისხმობს, რომ თანამშრომლებს შორის ორი მეტრის დისტანცია იყოს დაცული და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული ჰიგიენის წესები გათვალისწინებული“, – განაცხადა გელაშვილმა.

ის მიიჩნევს, რომ ქართულ კერძო სექტორს მთავრობის დადგენილების შესრულება არ უნდა გაუჭირდეს.

„ბიზნესი მზად უნდა იყოს. პრინციპში აქ რაღაც განსაკუთრებული შეუსრულებელი ნორმები არ არის და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ეს ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება. ამ წუთს აქ  მათემატიკური გათვლებისა და ფინანსების საპირწონედ დგას ეს საკითხები. შესაბამისად, როგორი რთულიც უნდა იყოს, ეს პირობები შესასრულებელია. ვფიქრობ,  ბიზნესი, ვისთანაც მაქვს კომუნიკაცია, უმეტესობა ცდილობს და უკვე გადაეწყო კიდეც“, – განუცხადა დათო გელაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.