დათა ვანიშვილმა მედლინ მუნს მიმართა - პატიმარი ვარ, არსად მიშვებენ, მითხარით, როგორ მოვიქცე
დათა ვანიშვილმა მედლინ მუნს მიმართა - პატიმარი ვარ, არსად მიშვებენ, მითხარით, როგორ მოვიქცე

88 წელიწადია, აქა ვცხოვრობ, საქართველოში, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და ახლა გავხდი რუსეთის? – ამის შესახებ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილმა, დათა ვანიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მისულ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნს გაესაუბრა.

დათა ვანიშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გააცნო, როგორ მძიმე პირობებში ცხოვრობს ოკუპაციის შედეგად და არ ეძლევა საშუალება მის შვილს, დედა ნახოს, ასევე როგორ ეზღუდება შესაძლებლობა, საკუთარი მეუღლე, რომელიც ავადაა, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს გადმოიყვანოს და ექიმს გაასინჯოს.

„ჩემი გოგო მირეკავს, შორიდან მაინც დავინახავდე დედასო, მაგრამ მეშინია, რომ დამიჭირონ და წამიყვანონო. ასე უთხრეს, თუ დაგინახეთ, 100 მეტროზე ახლოს მოსული, ცხინვალში კი არა, რუსეთში წაგიყვანთ და შეგაგდებთ კამერაშიო. ცოდო არ ვარ? პატიმარი ვარ, არსად მიშვებენ, 88 წელიწადია, აქა ვცხოვრობ, საქართველოში. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და ახლა გავხდი რუსეთის? ნაკვეთები მეორე მხარესაა. სხვები ამუშავებენ და მე არაფერს მაძლევენ. რა ვჭამო, როდემდე ვიყო ეგრე. დედაკაციც მყავს აგერ ცუდად და არ მიშვებენ, გორში წავიყვანო ან თბილისში, რომ ექიმებს ვაჩვენო. მითხარით, როგორ მოვიქცე, თუ არაფერი მეშველება, თავი მაინც მოვიკლა. აი, იქით რომ დიდი ჭადარია, იქ ჩემი ნაკვეთებია, დავამუშავო მინდა და ცოტა ლუკმა ვჭამო“, – მიმართა დათა ვანიშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი დღეს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო, ასევე დათა ვანიშვილსაც გაესაუბრა და მას სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენი საქმეა, დავაკვირდეთ აქ მიმდინარე პროცესებს, დავსვათ კითხვები და გავიტანოთ ამ ადამიანის საუბარი ჩვენს შემდგომ შეხვედრაზე ლონდონში. ჩვენ ამას გავაკეთებთ. მე გპირდებით, ჩვენ არ დავწერთ მხოლოდ ანგარიშს და ეს იქ არ დამთავრდება, არამედ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ აქ მიმდინარე პროცესები უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახდეს გასაგები“, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.