დათა ვანიშვილი - ჩემები არიან, ჩემი ქვეყანაა, გადმოვედი და ხმა მივეცი, რომ ეს მავთულხლართები აღარ იყოს
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, არჩევნებზე ხმა მისცა ასევე სოფელ ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში, მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრებმა, 80 წლის დათა ვანიშვილმა. მან გადმოსვლა მოახერხა და არჩევანი ხურვალეთის 70-ე უბანზე დააფიქსირა.
დათა ვანიშვილი ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა გააფრთხილეს, არ გადაეკვეთა ე.წ. საზღვარი და ხმის მისაცემად არ გადასულიყო. გაფრთხილების მიუხედავად, დათა ვანიშვილი უკვე მესამე არჩევნებია, მაინც ახერხებს კენჭისყრაში მონაწილეობას.
„სულ ჩემები არიან, ჩემი ქვეყანაა და გადმოვედი ხმის მისაცემად. მავთულხლართებზე ხელიც გავიჭერი, მაგრამ ვერავინ დამიშლის აქეთ გადმოსვლას. უბანზე მივედი და პირადობის მოწმობა დამრჩენია, უკან მივბრუნდი, ცოლს ვთხოვე და გადმომაწოდა მავთულებიდან. დამეხმარნენ აქაურები, მივედი ისევ და ხმა მივეცი. ხმა მივეცი იმას, რომ ეს მავთულები აღარ იყოს, თავისუფლად შევძლო გადასვლა და ჩემი ბაღის დამუშავება. დავიღალე ასე მარტო ცხოვრებით“, – განაცხადა დათა ვანიშვილმა.