დაშავებული სამხედროები სიდნეის „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადებიან
დაშავებული სამხედროები სიდნეის „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადებიან

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული მჯდომარე ფრენბურთის გუნდი ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში დაგეგმილ „ძლიერთა თამაშებში“ („INVICTUS GAMES 2018“) მონაწილეობის მისაღებად ემზადება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წელს საქართველოს სახელს საერთაშორისო არენაზე 15 ქართველი სამხედრო მოსამსახურე წარადგენს.

ქართული გუნდი  სპორტის შვიდ სახეობაში მიიღებს მონაწილეობას: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა (შტანგა), მძლეოსნობა (სირბილი), მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ძლიერთა თამაშების“ მხარდამჭერი კამპანია ოფიციალურად 17 აგვისტოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო. კამპანიას საქართველოს შეიარაღებული ძალებიც შეუერთდა და ამის აღსანიშნავად გენერალური შტაბის ეზოში „Invictus Games“-ის ოფიციალური დროშა აღიმართა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა თუ საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები წელს „ძლიერთა თამაშებში“ უკვე მეოთხედ მიიღებენ მონაწილეობას.

გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშების“ დროს მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა, ჰარიმ პირადად გადასცა.

„ძლიერთა თამაშები“ სიდნეიში ოფიციალურად 20 ოქტომბერს გაიხსნება და 27 ოქტომბერს დასრულდება.