დასავლეთ საქართველოში დღეს ტემპერატურა 41 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 34-39 გრადუსი ფიქსირდება, ხოლო დედაქალაქში – 37 გრადუსი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, მაღალი ტემპერატურა 3 ივლისის ჩათვლით შენარჩუნდება.
„დღეს ჩვენ ველოდებით მაღალ ტემპერატურას, როგორც დასავლეთ საქართველოში, ისევე აღმოსავლეთში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან შესაძლოა, 41 გრადუსამდე მოიმატოს ტემპერატურამ. აღმოსავლეთ საქართველოში 34-39 გრადუსის ფარგლებში, თბილისში კი, სავარაუდოდ,37 გრადუსი იქნება“, – განუცხადა პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ.
მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის პიკი დღეს არის. ხვალიდან კი, ტემპერატურა დაიკლებს, თუმცა სიცხეები შენარჩუნდება.
„რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, მომდევნო დღეების განმავლობაში, 30 ივნისიდან ტემპერატურამ შესაძლოა, 41 გრადუსამდე მოიმატოს. თბილისში კი, ხვალ 38 გრადუსი, 30 ივნისს 39 გრადუსი იქნება. ჰაერის მაღალი ტემპერატურა 3 ივლისის ჩათვლით შენარჩუნდება“, – განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ივნისი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაცილებით ცხელია. ტემპერატურა ნორმას 1-2 გრადუსით აჭარბებს.