დასავლეთ საქართველოში 35 ათას აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა
დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი 75 ათასი აბონენტიდან, 35 ათასისთვის ენერგომომარაგება უკვე განახლდა.
როგორც პირველ არხს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ბოცვაძემ განუცხადა, დანარჩენი 40 ათასი აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.
„დასავლეთ საქართველოს დაბლობში ძლიერმა ქარმა ელექტროსადენები და ბოძები დააზიანა. ღამით უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე სამუშაოები შევწყვიტეთ, რომელიც დილით განახლდა. ჩვენი მიზანია, ყველა აბონენტს დღის ბოლომდე მივაწოდოთ ელექტროენერგია“, – განაცხადა ბოცვაძემ.
ორი დღეა, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია, რამაც პრობლემები შექმნა, იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში. ადგილებზე სპეციალური შტაბებია შექმნილი.