დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე - გამოვთქვამთ მადლიერებას, რომ რამადანის თვის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა იყო საღამოს ლოცვებთან დაკავშირებით
დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რამადანის თვის განმავლობაში საღამოს ლოცვებთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში, დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ასევე მინდა, გადმოგცეთ ჩვენი მრევლის გულთბილი სალამი. გამოვთქვამთ მადლიერებას, რომ მთელი რამადანის თვის განმავლობაში მთავრობის მხრიდან იყო ხელშეწყობა საღამოს ლოცვებთან დაკავშირებით. ჩვენც, თავის მხრივ, ვიცავთ ყველა იმ რეგულაციას, რომელსაც გასცემს შესაბამისი, ჯანდაცვის და სახელმწიფო ორგანოები, რათა ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ პანდემიის დამარცხება. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად და დღესაც გამოირჩევა კულტურული, ეთნიკური, კონფესიური მრავალფეროვნებით და ეს მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული მონაპოვარი, ეროვნული და კულტურული სიმდიდრეა.
მინდა აღვნიშნო, რომ წარსულშიც და დღესაც ამ ქვეყანაში სხვადასხვა ეთნოსის, აღმსარებლობის ადამიანები ჰარმონიულად, ძმურად, მეგობრულად თანაცხოვრობდნენ და საკუთარი წვლილი შეჰქონდათ ერთიანი, ძლიერი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ეს ასეა დღესაც და ამ მიმართულებით თქვენი მხრიდან ვხედავთ ხელშეწყობას, მზაობას და ინიციატივებს“,- განაცხადა დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.