დასავლეთ ევროპაში უამინდობის გამო, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა
დასავლეთ ევროპაში უამინდობის გამო, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა.
როგორც მედია წერს, ძლიერმა ნალექმა დააზარალა შვეიცარიის, იტალიისა და საფრანგეთის ნაწილი. კერძოდ, ძლიერმა წვიმამ და ჭექა-ქუხილმა გამოიწვია წყალდიდობა, მეწყერი და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შვეიცარიის, იტალიისა და საფრანგეთის რეგიონებს.
შვეიცარიაში მეწყერს სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაახლოებით 400 ადამიანის, მათ შორის ბავშვების, საზაფხულო ბანაკიდან ევაკუაცია გახდა საჭირო. ზოგიერთ დასახლებაში მისვლა შეუძლებელია, რადგან გზები და ხიდები დანგრეულია. კანტონ ტიჩინოს მთელ ტერიტორიაზე კომუნიკაციის, წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის პრობლემებია.
იტალიაში დაზარალდა პიემონტისა და ვალე დ’აოსტის რეგიონები. პიემონტში მაშველებმა დატბორილ რაიონებში დაახლოებით 80 ადამიანი გადაარჩინეს. მეწყერის გამო გადაკეტილია რეგიონული გზატკეცილი, დატბორილია რამდენიმე შენობა და მაღაზია.