დასავლელ ლიდერებს პუტინისთვის პრეზიდენტად მეოთხედ არჩევა ამ დრომდე არ მიულოცავთ
ვლადიმერ პუტინისთვის რუსეთის პრეზიდენტად მეოთხე ვადით არჩევა დასავლელ ლიდერებს ამ დრომდე არ მიულოცავთ.
პუტინმა მილოცვები მიიღო რამდენიმე ქვეყნის ლიდერებისგან. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ვლადიმერ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ეს გამარჯვება მეტყველებს თქვენს მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტზე და თქვენს მიერ გატარებული კურსის აქტიურ მხარდაჭერაზე“, – აღნიშნულია მისალოც ტექსტში, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ვლადიმერ პუტინს გამარჯვებას ულოცავს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც. ბელარუსის ლიდერი დარწმუნებულია, რომ „ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება“.
ამასთან, ლუკაშენკო იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინი ბელარუსში ჩავა.
„ძლიერი რუსეთი სჭირდება არა მხოლოდ რუსებს, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებები გარანტი“, – ნათქვამია მოლდოვის პრეზიდენტის იგორ დოდონის მისალოც დეპეშაში.
რუსეთის პრეზიდენტს ასევე მიულოცეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსლუთან ნაზარბაევმა, ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა, ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, კუბის ლიდერმა რაულ კასტრომ, ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ.
ცოტა ხნის წინ, სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის მილოცვაც გავრცელდა.
„ჩატარებული არჩევნების შედეგები რუსეთის მოქალაქეების მხრიდან თქვენს მიერ გატარებული კურსის ფართო მხარდაჭერაზე მეტყველებს“, – აღნიშნავს სერჟ სარგსიანი.
სომხეთის მოქმედი პრეზიდენტის თქმით, სომხეთი და რუსეთი მტკიცედ არიან განწყობილები სტრატეგიული მოკავშირეობის განვითარებისთვის.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი 76,65%-ით ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინს მხარი 55 მილიონ 403 971-მა ადამიანმა დაუჭირა.