დასაქმების სააგენტო - მუდმივ კომუნიკაციაში ვართ გერმანიაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებთან, დაწყებულია ხარვეზების გამოსწორება, რომელიც მათ ადგილზე დახვდათ
ჩვენ მუდმივად კომუნიკაციაში ვართ საქართველოს მოქალაქეებთან. იმ შემთხვევაში, თუ რომელიღაც დამსაქმებელი არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, აუცილებლად მოხდება პროცესებში ჩართვა და ამ პროცესების მართვა, – ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ნინო ველთაურმა აღნიშნა, გერმანიასა და საქართველოს შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების გერმანიის ფედერაციაში სეზონურ დასაქმებას გულისხმობს, გაფორმებულია ორ უწყებას შორის და მასში გათვალისწინებული არის შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვა.
„ამ დროისთვის გერმანიის ფედერაციაში ოთხი ჯგუფია გაგზავნილი. ჩვენ თითოეულ მათგანთან ვართ ხაზზე. როდესაც შემოვიდა პირველივე შეტყობინება ამ ჯგუფიდან, რომ ისინი წუხდნენ სამუშაო პირობებზე, რომელიც იქ დახვდათ და ადგილი აქვს დამსაქმებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვნად შესრულებას, ჩვენ იმ დღიდანვე ვართ კომუნიკაციაში გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოსთან, რომელმაც თავის მხრივ, პროცესში ჩართო შესაბამისი გერმანული სახელმწიფო უწყებები, რათა დამსაქმებელს დაეწყო იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც მას აქვს აღებული ხელშეკრულებით. ამ სამუშაო პირობების გამოსწორება უკვე დაწყებულია. საუბარია, რომ დამსაქმებელმა ჯეროვნად არ შეასრულა ის ვალდებულებები, რომელიც იდო შრომით ხელშეკრულებაში. ყველგან შეიძლება აღმოჩნდეს არაკეთილსინდისიერი დამსაქმებელი. თუმცა კარგი არის ის, რომ ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს მექანიზმებს ასეთი ვითარების მართვისთვის. ეს მექანიზმები ამოქმედებულია და დაწყებულია იმ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ადგილზე დახვდათ“, – განაცხადა ველთაურმა.
მისივე თქმით, გერმანიის ფედერალურ შრომის სააგენტოში არის შესაბამისი უწყება, რომელიც შრომის პირობების მონიტორინგს აკეთებს.
„არის შესაბამისი უწყება, რომელიც შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვაზე ზრუნავს. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ საქართველოს მოქალაქეებთან. იმ შემთხვევაში, თუ რომელიღაც დამსაქმებელი არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, აუცილებლად მოხდება პროცესებში ჩართვა და მისი მართვა.
10 მაისს დაგვიკავშირდნენ ჩვენი მოქალაქეები, მოგვწერეს თავიანთი წუხილის შესახებ. იმავე დღეს ჩვენ შესაბამისი კომუნიკაცია მოვახდინეთ გერმანიის მხარესთან და იმავე დღეს გერმანიის მხარემ ჩართო დამატებითი უწყებები პრობლემის მოსაგვარებლად. დამსაქმებელმა დაიწყო პირობების გაუმჯობესება. ჩვენმა მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, რომ დამსაქმებელმა დაიწყო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, შეცვალა გარკვეული ტექნიკა. ჩვენ ამ დინამიკას დავაკვირდებით. თუ დამსაქმებელი ბოლომდე ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ჩვენს მოქალაქეებს აუცილებლად გადავანაცვლებთ სხვა დამსაქმებელთან. აუცილებლად მოხდება ნამუშევარი საათების ანაზღაურებაც, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადავლენ სხვა დამსაქმებლებთან. ჩვენ მხოლოდ ეს, ბოლოს გამგზავრებული ჯგუფი დაგვიკავშირდა. წინა სამ ჯგუფს მსგავსი პრობლემა არ შექმნიათ. ჩვენ მათთანაც მუდმივ კომუნიკაციაში ვართ“, – განაცხადა ველთაურმა.