კვიპროსული რადიო „sport-fm“-ის ვებ-გვერდმა დაასახელა კონკრეტული თანხა, რასაც თემურ ქეცბაიას გუნდი, ფამაგუსტას „ანორთოსისი“ საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის, ნიკა კაჭარავას ტრანსფერში ითხოვს.
„ქართველი თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა მენეჯერის დახმარებით ახალ გუნდს ეძებს, რათა „ანორთოსისს“ სასურველი თანხა შესთავაზოს და კვიპროსი დატოვოს. კონტრაქტში ჩაწერილია პუნქტი – ქართველი გუნდს დატოვებს, თუ დაინტერესებული გუნდი 500,000 ევროს გადაიხდის. მაგრამ „ანორთოსისი“ მზადაა, უფრო მცირე თანხასაც დათანხმდეს“ – წერია რადიო „sport-fm“-ის ვებ-გვერდზე.
საქართველოს ნაკრების თავდამსმელს ფამაგუსტელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ქართველ თავდამსხმელს გუნდიდან წასვლა სურს, თემურ ქეცბაია კი უკვე მის ალტერნატივას ეძებს.
ფეხბურთელის მამამ და „სამტრედიას“ მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომ ნიკას გადაყვანით რუსული გუნდები დაინტერესდნენ.