კაჭარავამ „ტორპედო“ დატოვა #1TVSPORT
კაჭარავამ „ტორპედო“ დატოვა #1TVSPORT

ნიკა კაჭარავამ ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვრდი ავრცელებს.

„ქუთაისის „ტორპედო“ კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნიკა კაჭარავამ დატოვა. ჩვენ მადლობას ვუხდით ნიკას გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში“, – ვკითხულობთ გუნდის განცხადებაში.

სტივ კინის მოსვლის შემდეგ გუნდის პრეზიდენტმა, დავით კერესელიძემ თქვა, რომ „ტორპედოში“ საკადრო ცვლილებები მოხდებოდა – როგორც ჩანს, ეს პროცესი უკვე დაიწყო. კაჭარავა ბოლო ტურში „დინამო თბილისთან“ განაცხადშიც არ იყო.

29 წლის თავდამსხმელი „ტორპედოს“ ფეხბურთელი თებერვალში გახდა. ნიკა კაჭარავას, რუსული კლუბების („რუბინი“, „როსტოვი“) გარდა, უთამაშია პოლონურ „ლეხსა“ და „კორონაში“, კვიპროსულ „ანორთოსისსა“ და „ეთნიკოსში“. იყო საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების ფეხბურთელი. ეროვნულ ნაკრებში კი 24 მატჩი (3 გოლი) აქვს ჩატარებული.

ნიკას კარიერა „ანორთოსისიდან“ წამოსვლის შემდეგ, 2022 წლის ზაფხულში აერია. ამის შემდეგ სამხრეთკორეულ „ჯეონამ დრაგონსში“ გადავიდა, მაგრამ არ უთამაშია, გუნდი ნაადრევად დატოვა და გარკვეული დრო გაუცდა.