„ტორპედოდან“ წასული ნიკა კაჭარავა კვიპროსში გაემგზავრა #1TVSPORT
„ტორპედოდან“ წასული ნიკა კაჭარავა კვიპროსში გაემგზავრა #1TVSPORT

კვიპროსულმა მედიამ ჩემპიონატის ბოლო ტურში აპოელ-ისა და „არისის“ შეხვედრის (აპოელ-მა 4:3 მოიგო) დროს ტრიბუნაზე ქუთაისის „ტორპედოდან“ ახლახან წასული ნიკა კაჭარავა შენიშნა, რომელიც მეგობრების გუნდს გულშემატკივრობდა – 36-ე ტურში აპოელ-ის ძირითად შემადგენლობაში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა – ლაშა დვალმა, გიორგი ქვილითაიამ და მურთაზ დაუშვილმა.

კაჭარავა ქვილითაიასთან და დაუშვილთან ერთად „ანორთოსისში“ თამაშობდა, რომელიც ფანების ატეხილი სკანდალის გამო დატოვა – ნიკა აპოელ-ში გადასული მეგობრების თამაშს დაესწრო და ქართველებს გულშემატკივრობდა, რაც „ანორთოსისის“ ქიმაგებმა დაუშვებლად ჩათვალეს და გუნდიდან მისი გაშვება მოითხოვეს.

29 წლის თავდამსხმელის კვიპროსში ყოფნის მიზეზი ჯერ უცნობია. ადგილობრივი მედია მიანიშნებს, რომ კაჭარავამ ახლახან დატოვა ქუთაისის „ტორპედო“.

საინტერესოა, რომ ნიკა კაჭარავა კვიპროსშია დაბადებული, სადაც მამამისი – კახა კაჭარავა თამაშობდა. ნიკამ კვიპროსის ჩემპიონატში ხუთი სეზონი გაატარა – 2016–17 წლებში „ეთნიკოსში“ (27 მატჩი, 16 გოლი) თამაშობდა, ხოლო 2018–2022 წლებში – „ანორთოსისში“ (51 მატჩი, 11 გოლი).

„ტორპედოდან“ კაჭარავას წასვლა კლუბმა ოფიციალურად 26 მაისს დაადასტურა. კონტრაქტი, რომელიც ქუთაისურ კლუბსა და 29 წლის შემტევს შორის თებერვალში კომპანია „ბენე სპორტის“ უშუალო ჩართულობით გაფორმდა, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ინიციატორი თავად კაჭარავა იყო.