დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქმიანობის ანგარიში წარადგინა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის და 2022 წლის ექვსი თვის საქმიანობის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, დარგის ექსპერტები, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს აქვს ერთ-ერთი ცენტრალური როლი პარლამენტის საქმიანობაში – ეკონომიკა და მისი განვითარება პირდაპირ კავშირშია ადამიანების ცხოვრების ხარისხის და კეთილდღეობის ამაღლებასთან. დღეს, როდესაც საქართველო ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესშია და თუ ჩვენ ვართ ლიდერები ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით და ვამბობთ, რომ DCFTA-ს ნაწილს რაც შეეხება, ნახევარი უკვე შესრულებულია, სწორედ ამ კომიტეტის წვლილია, რომ ევროკავშირში არსებული რეგულაციები, კანონმდებლობა, ნორმები, წესები, სტანდარტები ქართულ კანონმდებლობაში და პრაქტიკაში სათანადოდ დამკვიდრდეს. კომიტეტი მჭიდრო კომუნიკაციაშია მთავრობასთან და სწორედ ამ რეგულაციების დროულ დამკვიდრებას ახდენს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ღონისძიებაზე შეკრებილებს კომიტეტის საქმიანობის ანგარიში კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა გააცნო. მისი განცხადებით, საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად ახორციელებდა, როგორც საკანონმდებლო ასევე საზედამხედველო საქმიანობას, საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატის ფარგლებში მართავდა შეხვედრებს და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით წარმართავდა კანონშემოქმედებით პროცესს.
„საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა შეძლო 250 კანონპროექტზე ემუშავა, საიდანაც 12 მათგანი კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა. კომიტეტმა სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან და ეკონომიკის მონაწილე სუბიექტებთან 150-მდე შეხვედრა გამართა. ეს საკმაოდ დიდი აქტივობაა. აღსანიშნავია, რომ X მოწვევის პარლამენტის დასაწყისში, რასაც კომიტეტი ამბობდა, რომ იგი კერძო და საჯარო სექტორის ის პლატფორმა იქნებოდა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ყველა მნიშვნელოვან გამოწვევაზე მსჯელობა, ფაქტობრივად ზუსტად პასუხობს ამ სტრატეგიას და გეგმას. ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ, რომ ეს აქტივობა, ეს ტემპი, რომელიც კომიტეტს აქვს აღებული, აუცილებლად შენარჩუნდეს მომავალშიც“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას ყურადღება კომიტეტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე გაამახვილა და ცალკე აღნიშნა „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ და საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტები. ანგარიშის პრეზენტაციისას დავით სონღულაშვილმა ტურიზმის მხარდამჭერი და ეკონომიკური მიმართულებების განვითარების და ხელშეწყობის მიზნით კომიტეტის მიერ განხილულ კანონპროექტების მნიშვნელობაც აღნიშნა.
კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში შემდეგი აქტივობები განახორციელა: 59 საკომიტეტო სხდომა; 250 კანონპროექტის განხილვა; საზედამხედველო სფეროში შემავალი უწყებების 27 ანგარიშის მოსმენა; ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიმართულებით ჩატარებული საქმიანობის ექვსი ანგარიშის განხილვა.
კომიტეტის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისის მეტეხი პალასში“ მოეწყო, NDI-სა და UKaid-ის მხარდაჭერით გაიმართა.