დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას მოუსმენენ.
თურნავა რამდენიმე საკითხზე ისაუბრებს, მათ შორისაა ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი. ასევე, 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები და „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულება.
კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ნათია თურნავას მიმართ დასასმელი ძალიან ბევრი კითხვა გამოიკვეთა, რაც სამომავლოდ კიდევ ერთი საქმიანი შეხვედრის საჭიროებას ქმნის.
„საქმიანს ვამბობ იმ გაგებით, რომ არ ვიცი, რამდენად დარჩება კომიტეტზე დრო მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვების მოსასმენად, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გაჩნდა მას შემდეგ, რაც ამ შეხვედრაზე შევთანხმდით – მაღაროელების საკითხი, პანკისი თავისთავად დღის წესრიგში იყო, ფოთის პორტი. ეს საკითხები იმდენ დროს წაიღებს, მით უმეტეს, ზოგიერთი ოპოზიციური დეპუტატის გათვალისწინებით, რომლებიც ძირითადად, კამერაზე მუშაობენ და არა სიმართლის გაგებაზე, რომ ვფიქრობ, თურნავასთან კიდევ ერთხელ იქნება საჭირო შეხვედრა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
თურნავა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. საპარლამენტო კომიტეტის ფორმატში ეკონომიკის მინისტრის მოსმენა 12:00 საათზე დაიწყება.