დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, დახმარების სახით თვეში მიიღებენ 200 ლარს, ექვსი თვის განმავლობაში
დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, ექვსი თვის განმავლობაში, ჯამში 1 200 ლარს მიიღებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელმაც ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა.
მისი თქმით, დახმარება თვეში 200 ლარს შეადგენს.
„დღეის მდგომარეობით, ეს სქემა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე ზრუნვის მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, გამოიყურება შემდეგნაირად – დაქირავებით დასაქმებული ყველა ის პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაკარგა სამსახური, რომელიც ოფიციალურად მუშაობდა და დაკარგა სამსახური, აღარ აქვს სამსახური და ვეღარ იღებს ხელფასს, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით ექვსი თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად ასეთი ადამიანები მიიღებენ 200 ლარს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. ჩვენ გვესმის და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვეხმარებით თითოეულ მოქალაქეს 1200 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად 200 ლარის გაცემით“, – განაცხადა პრემიერმა.