დანიის, შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა უკრაინაში რუსეთის შეჭრით პროვოცირებული უსაფრთხოების კრიზისის შედეგი იყო
აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით პროვოცირებული უსაფრთხოების კრიზისის შედეგი იყო, – ამის შესახებ დანიის, შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.
მათი თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი, უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში „გადამწყვეტი გარდამტეხი მომენტია ევროპისა და უახლოესი რეგიონის უსაფრთხოებისთვის“.
მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთი სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოებას უახლოეს მომავალში და შესაბამისად, „აშშ-ის უსაფრთხოების პოლიტიკის ვალდებულებები და სამხედრო თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ ევროპის უსაფრთხოებისთვის“.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის მიმართ გრძელვადიან, მკაფიო და რეალისტურ პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია თავდაცვით შესაძლებლობებზე. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი განვითარდება მშვიდობიანი და დემოკრატიული მიმართულებით, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ და მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა საფრთხეს დიდი ხნის განმავლობაში შეგვიქმნის“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში შვედეთმა, ფინეთმა და დანიამ ხელი მოაწერეს ორმხრივ თავდაცვის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც აშშ-ის სამხედროებს შესაძლებლობას მისცემს, მათ ტერიტორიაზე ჯარები განათავსონ.