დანიაში, საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს. ე.წ. წითელი ბლოკი, რომელსაც მეტე ფრედრიკსენი ხელმძღვანელობს, დანიის პარლამენტში 179 მანდატიდან 91-ს მიიღებს. შედეგად ფრედრიკსენი სავარაუდოდ, დანიის ისტორიაში მეორე ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება, ხოლო დანია მესამე სკანდინავიური ქვეყანა, სადაც სოციალ-დემოკრატების მთავრობა იქნება.
დანიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ლარს ლეკე რასმუსენმა დამარცხება უკვე აღიარა.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, სოციალ-დემოკრატებმა ამომრჩეველთა ხმების 25,9% მიიღეს, ხოლო მმართველმა ლიბერალურმა პარტიამ 23,4% დააგროვა. შედეგების მიხედვით, დანიაში მთავრობა შეიცვლება.
დამარცხებულთა შორის არის დანიური მემარჯვენე პოპულისტური სახალხო პარტია, რომელმაც მხოლოდ 8,1% მიიღო, რაც 2015 წლის შედეგებთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.
სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, წელს არჩევნებში მონაწილეობა დანიელი ამომრჩევლების 84,5%-მა მიიღო.