დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინას შეუძლია დანიური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება, თავდაცვა შეიძლება მოიცავდეს აგრესორის ტერიტორიაზე შესვლას
უკრაინას შეუძლია დანიური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში გამოყენება, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არ ეწინააღმდეგება ომის წესებს.
„თავდაცვა შეიძლება მოიცავდეს აგრესორის ტერიტორიაზე შესვლას. თავდასხმა აგრესორის ინფრასტრუქტურაზე ან სამხედრო ობიექტებზე თუ ხდება, ეს სრულად შეესაბამება ომის წესებს. ვერ დააწესებთ საზღვარს, რომ იარაღი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არის თავდაცვითი ოპერაცია“, – აღნიშნა რასმუსენმა.
რასმუსენის თქმით, კურსკის ოლქში ბოლო საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, უკრაინისადმი დანიის მხარდაჭერა უცვლელი რჩება.