დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება თავად ევროკავშირის ინტერესშია
საქართველო განვითარების კუთხით იმაზე უფრო წინ არის, ვიდრე უკრაინა იყო ომის დაწყებამდე. ბევრი გამოწვევა აქვთ, მაგრამ მიმდინარეობს მუშაობა მათ აღმოსაფხვრელად, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ არჩევანს და ევროინტეგრაციის მიმართულებით მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
„ამ ქვეყნებს თუ არ დავეხმარებით თავიანთი მიზნის მიღწევაში, სხვები ჩაერევიან – შიდა ან გარე ძალები, რომლებიც რუსეთის გავლენებთან უფრო ახლოს არიან“, – განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.
მისი თქმით, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნის პროგრესი და ევროკავშირთან დაახლოება თავად ევროკავშირის ინტერესშია.
„ევროკავშირში გაწევრიანება დროში გაწერილი პროცესია, რომელსაც შეიძლება ხუთი, ათი ან თუნდაც 15 წელი დასჭირდეს, მაგრამ ეს ქვეყნები ახლოს უნდა გვყავდეს. არ ვამბობ, რომ საქართველო ხვალ გახდება ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანამ რეფორმების გატარებისა და გადაწყვეტილებების კუთხით ბევრი რამ გააკეთა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, სინამდვილეში, საქართველო ბევრად უფრო წინ იყო, ვიდრე უკრაინა, როდესაც ომი დაიწყო. იგულისხმება ქვეყანაში არსებული შიდა პროცესები, რეფორმები, სახელმწიფო ინსტიტუციები, ანტიკორუფციული გარემო და სხვა. ყველაფრის შესრულებას, შესაძლოა, ხუთი, ათი, 15 წელიც კი დასჭირდეს, წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, ვინაიდან ჩვენი, ევროპის პოზიციაა, რომ ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა. არსებობს გარკვეული სტანდარტები, „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“, რომელთა შესრულებაა საჭირო, მათ მისაღწევად კი არსებობს მოკლე და გრძელი გზები. შეიძლება, იყო ძალიან ან ნაკლებად დაოსტატებული მსგავსი ნახტომების შესრულებაში. ამდენად, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ამ გზაზე დახმარების გაწევა ჩვენსავე ინტერესებში შედის და მხოლოდ ერთობლივად შევძლებთ წარმატების მიღწევას“, – აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, 16 მაისს გამოქვეყნდა დანიის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ახალი სტრატეგია, რომელიც ლარს ლოკე რასმუსენმა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში გამოსვლისას წარადგინა. დოკუმენტში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში.
„ევროპის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, გააძლიეროს ურთიერთობები აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებთან და მხარი დაუჭიროს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მათ სწრაფვას, იმ ფონზე, როცა რუსეთი, საკუთარი გავლენის შენარჩუნების მიზნით, რეგულარულად ცდილობს დასავლეთ ბალკანეთში, საქართველოსა და მოლდოვაში დესტაბილიზაციას“, – ნათქვამია დანიის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ახალ სტრატეგიაში.
სტრატეგიული დოკუმენტის თანახმად, საჭიროა ამ ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური მოდერნიზაცია, რაც, მთლიანობაში, ხელს შეუწყობს მათ ევროპულ საზოგადოებად ჩამოყალიბებას, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულებასა და ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევას.