დანიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თავდასხმის შემდეგ ჯერ კიდევ ცდილობს როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად გამოჯანმრთელებას
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი ამბობს, რომ თავდასხმის შემდეგ ჯერ კიდევ ცდილობს, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად გამოჯანმრთელებას.
„მე ჯერ კიდევ არ ვარ ჩვეულ ფორმაში. ვმუშაობ და ვასრულებ პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, ამის გაკეთება შაბათ-კვირასაც შემეძლო, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვეულებრივ ვაკეთებ“, – თქვა პრემიერმა დანიურ მედიასთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, დანიის პრემიერ-მინისტრს რამდენიმე დღის წინ თავს კოპენჰაგენში დაესხნენ. თავდამსხმელი 39 წლის პოლონელი მამაკაცია. როგორც ცნობილია, ის თავდასხმის დროს ნარკოტიკული თრობის ზემოქმედების ქვეშ იყო. დანიის პრემიერის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში იყო მუქარები, ძალიან მკაცრი ტონი სოციალურ მედიაში, რაც გაუარესდა, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში ომის შემდეგ.
პრემიერის თქმით, ბოლო დროს ხალხი ძალიან აგრესიულად იქცევა.
„ამაყები ვიყავით იმით, რომ ისეთი ქვეყანა ვიყავით, სადაც პრემიერ-მინისტრი სამსახურში ველოსიპედით მიდიოდა, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა, ქუჩის ინციდენტმა რაღაცები შეცვალა“, – განაცხადა პრემიერმა.