დანიის პარლამენტში აცხადებენ, რომ საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ონლაინ სხდომას სვეტლანა ციხანოვსკაიას სახელით უცნობი პირი ესწრებოდა
დანიის პარლამენტში აცხადებენ, რომ საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ონლაინ სხდომას სვეტლანა ციხანოვსკაიას სახელით უცნობი პირი ესწრებოდა

დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უცნობი პირი სვეტლანა ციხანოვსკაიად ასაღებდა თავს, სხდომა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, –  ინფორმაციას დანიის საკანონმდებლო ორგანოს საიტი ავრცელებს.

სხდომა ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხებოდა. უცნობმა პირმა, რომელიც ონლაინ სხდომას სვეტლანა ციხანოვსკაიას სახელით ესწრებოდა, განაცხადა, რომ მისი ვიდეოთვალი გაუმართავი იყო და შესაბამისად, ვიდეოჩართვასაც ვერ მოახერხებდა.

როგორც საიტზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაახლოებით 40 წუთში მონაწილეები მიხვდნენ, რომ ეს სვეტლანა ციხანოვსკაია არ იყო და სხდომა შეაჩერეს.

კომიტეტში აღნიშნავენ, რომ ამიერიდან ონლაინ სხდომებზე ვიდეოჩართვა აუცილებელი იქნება.