დანიის მთავრობა, ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად, აბორტთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს
დანიის მთავრობა, ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად, აბორტთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს.
ზომების შემსუბუქების შემდეგ ქალებს უფლება ექნებათ, ორსულობა მე-18 კვირამდე შეწყვიტონ. ადრე მათ ამის უფლება მხოლოდ 12 კვირამდე ჰქონდათ.
ასევე, კანონის ცვლილების შემდეგ 15-დან 17 წლამდე გოგონებს აბორტის გაკეთების უფლება მშობლის თანხმობის გარეშე ექნებათ.
გენდერული თანასწორობის მინისტრი მარი ბჟერი ამბობს, რომ დანია ქალთა უფლებების გაძლიერებას ცდილობს.
„ეს ეხება ქალების ინდივიდუალურ თავისუფლებას, უფლებას, თავად განკარგონ საკუთარი სხეული და ცხოვრება. ეს არის ისტორიული დღე ქალთა თანასწორობისთვის“, – აცხადებს გენდერული თანასწორობის მინისტრი.
აბორტის შესახებ კანონი დანიაში 1973 წლიდან მოქმედებს. მაშინ ლიმიტი 12 კვირამდე დაწესდა. იმ დროს აბორტი მხოლოდ ქირურგიული ჩარევით კეთდებოდა და 12 კვირის შემდეგ ნებადართული არ იყო, რადგან გართულების უფრო დიდ რისკს შეიცავდა.
„50 წლის შემდეგ დროა, აბორტის შესახებ წესები მოერგოს თანამედროვე დროს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, სოფია ლოდმა.