დანიის ხელისუფლება „არასასურველ მიგრანტთა“ ბანაკს ბალტიის ზღვაში, კუნძულ ლინდჰოლმზე განათავსებს
დანიის ხელისუფლებამ მიგრაციისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმად, ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ ლინდჰოლმზე ე.წ. არასასურველ მიგრანტთა ბანაკს განათავსებს.
როგორც სოციალურ ქსელში დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხელისუფლება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დეპორტაციის ბანაკის მოწყობისა და „არასასურველი მიგრანტების“ დანიური საზოგადოებისგან გამიჯვნის მიზნით 100 მილიონ ევროზე მეტს დახარჯავს.
2021 წლისთვის ასეთი ბანაკი შეიქმნება კუნძულ ლინდჰოლმზე, რომელზეც ამჟამად მხოლოდ ცხოველთა დაავადებების კვლევის ლაბორატორიები და ეპიდემიების დროს დახოცილ ცხოველთა კრემატორიუმები არსებობს. გეგმის მიხედვით, მოხდება მათი დეკონსტრუქცია, კუნძულის გაწმენდა და შემდეგ მიგრანტთა საცხოვრებელი კომპლექსის აშენება. ინიციატივის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ იმიგრანტები, რომლებსაც დანაშაულებრივი ქმედებების/კრიმინალური წარსულის გამო უარი ეთქვათ თავშესაფარზე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით დანიის ხელისუფლება ვერ ახდენს მათ დეპორტაციას. იმიგრანტთა ამ ჯგუფს არ აქვს დანიაში მუშაობის უფლება და სრულიად დამოკიდებულნი არიან სადეპორტაციო ბანაკებში სოციალური სამსახურის მიერ უზრუნველყოფილ საცხოვრებელსა და საკვებზე.
საელჩოს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად არასათანადო საცხოვრებელი პირობებისა, იმიგრანტთა გარკვეული ნაწილი სადეპორტაციო ბანაკებში წლების განმავლობაში ცხოვრობს. მათი გარკვეული ნაწილი კი, კრიმინალის კუთხით საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს Kærshovedgård-ის სადეპორტაციო ბანაკის გარშემო მდებარე დასახლებებს. ძირითადად, სწორედ, ამ ფაქტით ხსნის ხელისუფლება კრიმინალ მიგრანტთა კუნძულზე იზოლირების გადაწყვეტილებას.
ამჟამად კუნძულთან საკმაოდ აქტიური საზღვაო კავშირი არსებობს, მაგრამ ინტეგრაციისა და იმიგრაციის მინისტრი ინგერ სტოიბერგი პირობას დებს, რომ კუნძულზე მიგრანტთა ბანაკის განთავსების შემდეგ მასზე მიმოსვლა უკიდურესად შეიზღუდება.
გარდა ამისა, პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოსვლის დროს სტოიბერგმა ხაზი გაუსვა კუნძულთან დაკავშირებით გაკეთებული არჩევანის სისწორეს და განაცხადა, რომ მიგრანტთა ბანაკები არ უნდა იყოს საცხოვრებლად მიმზიდველი, რათა ამან არ წაახალისოს დანიაში თავშესაფრის პოტენციური მაძიებლები.