დანიის ელჩი ენ ტოფტ სორენსენი გამოცემა Jyllands Posten-ში ​საქართველოს შესახებ საავტორო სტატიას აქვეყნებს
დანიის ელჩი ენ ტოფტ სორენსენი გამოცემა Jyllands Posten-ში ​საქართველოს შესახებ საავტორო სტატიას აქვეყნებს

ახლა ახალი იმედის ქარი ქრის ევროკავშირის მხარდამჭერ მრავალ ქართველს შორის, მაგრამ არ ჩანს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გახდება საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა პოლიტიკური განხეთქილების ფონზე, პირიქით, გასულმა წელმა აჩვენა, რომ ევროკავშირის საკითხი უფრო პოლიტიკური ბრძოლის ველია, – ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩის, ენ ტოფტ სორენსენის საავტორო სტატიაშია ნათქვამი, რომელიც დანიურ გამოცემა Jyllands Posten-ში გამოქვეყნდა.

„15 დეკემბერს სცენაზე ათასობით ქართველის წინაშე ვიდექი ევროკავშირის 16 ქვეყნის ელჩებთან ერთად, რომლებსაც, დანიის გარდა, აქვთ საელჩო საქართველოში. ერთი დღით ადრე ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინათ.

ამ მიზეზით, მთავრობის მოწოდებით, თავისუფლების მოედანზე მოეწყო სახალხო ფესტივალი საქართველოს ევროპისკენ მოგზაურობის ამ ეტაპის აღსანიშნავად. სწორედ იმ მოედანზე, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2003 წელს დაიწყო ე.წ. ვარდების რევოლუცია და მასშტაბური ევროპული რეფორმები.

ყოველ დღეს არ ხდება, რომ დიპლომატებს როკვარსკვლავებივით ეპყრობიან, მაგრამ იმ საღამოს ელჩებმა ეს გააკეთეს“, – წერს ენ ტოფტ სორენსენი.

​დანიის ელჩი აღნიშნავს, რომ 15 დეკემბრის ღონისძიებაზე ევროპის ჰიმნის გაჟღერებისას ბევრ მაყურებელს ცრემლები მოადგა.

„ეს იყო ისტორიული მომენტი, რადგან ქართველებმა ბევრი მსხვერპლი გაიღეს ამისთვის. ისინი გადაურჩნენ რუსეთის ინტერვენციას 2008 წელს, როდესაც რუსებმა აიღეს კონტროლი საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, სულ რაღაც ხუთ დღეში. რუსული ძალები დღემდე დგანან იქ, დედაქალაქ თბილისიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში.

მრავალ ქართველს ევროპის გადაწყვეტილება სწორედ ახლა აძლევს იმედს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეფორმების პროგრესი ნელი იყო, პოლიტიკური კრიზისი წლების განმავლობაში იწვევდა ღრმა განხეთქილებასა და უნდობლობას მთავრობასა და ოპოზიციას შორის. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, დაფუძნებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, 2012 წლიდან არის ხელისუფლებაში. ოპოზიცია, სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით, მუდმივად ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის მუშაობას და ადანაშაულებს მთავრობას სასამართლოს პოლიტიზებაში, თავისუფალი მედიის ჩახშობასა და ოპოზიციის წევრების დევნაში.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველო უკრაინამ და ევროკავშირმაც ასევე დაადანაშაულეს რუსეთისადმი მეგობრული პოლიტიკის გატარებაში, რადგან ის არ შეეწინააღმდეგა მოსკოვთან ფრენების აღდგენას ამ ზაფხულს და არ დააწესა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, არამედ, პირიქით, რუსეთთან ვაჭრობა გაზარდა. ეს პოლიტიკა გააკრიტიკეს, როგორც „შეუსაბამო“ ქვეყნისთვის, რომელსაც ევროპული მისწრაფებები აქვს და მოსახლეობის 90 პროცენტამდე მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. 2023 წელი ასევე დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციებით მარტში ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ მთავრობის კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, სავალდებულოს გახდიდა იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგისტრაციას, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ მხარდაჭერას. მსგავსი კანონი რუსეთში გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ჩასახშობად.

თუმცა ახლა ახალი იმედის ქარი ქრის ევროკავშირის მხარდამჭერ მრავალ ქართველს შორის. მაგრამ არ ჩანს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გახდება საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა პოლიტიკური განხეთქილების ფონზე. პირიქით, გასულმა წელმა აჩვენა, რომ ევროკავშირის საკითხი უფრო პოლიტიკური ბრძოლის ველია. ეს ტენდენცია არ შემცირდება ახალ საარჩევნო წელს საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად“, – აღნიშნავს დანიის ელჩი სტატიაში.

მისივე თქმით, ქართველები ასევე აცნობიერებენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მათ პრობლემებს ვერ გადაჭრის.

„მაგრამ ისინი მოხარულები არიან, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს ევროპულ ოჯახში ქვეყნის ადგილის გამყარებას. ევროპის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს იმდენივე ყურადღება ეთმობა ყოველდღიურ დებატებში, როგორც საქართველოში, ხოლო რუსეთის ჩრდილის მიღმა, ევროკავშირში მომავლის შესახებ ოცნებები დომინანტი თემაა. ევროკომისიამ ასევე გადასცა საქართველოს ცხრა რეფორმის სია, როგორც საშინაო დავალება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხის განხილვის დაწყებამდე. ეს წინასაარჩევნო კამპანიის წელს რთული იქნება. მაგრამ დანიურ დიპლომატიას შეუძლია, აქ დადებითი როლი ითამაშოს. ბევრი ქართველი იყურება დანიისკენ, რადგან 2022 წლის მარტში ჩვენ გადავწყვიტეთ საელჩოს გახსნა თბილისში, რომელიც ოფიციალურად 2023 წლის მაისში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ოფიციალურად გახსნა. ქართველები ამ გადაწყვეტილებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და გაზრდილი გეოპოლიტიკური დაძაბულობის დროს მას მნიშვნელოვან სიგნალად აღიქვამენ. ისინი ასევე აცნობიერებენ, რომ დანიამ განსაკუთრებული როლი ითამაშა 2004 წელს ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ევროკავშირსა და ნატო-ში მიღებაში“, – წერს ენ ტოფტ სორენსენი.

მისი თქმით, დანიამ ასევე გააძლიერა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მათ შორის მშვიდობისა და სტაბილიზაციის ახალი პროგრამით და განვითარების დახმარების პროგრამისთვის მეტი დაფინანსების გამოყოფით.

„კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ქართველებს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის მიღწევაში. ამასთან ერთად, „მწვანე ენერგეტიკის“, თავდაცვითი პოლიტიკისა და სხვა სფეროებში პოლიტიკური შეთანხმებების ჩვენი დიდი ხნის ტრადიცია და კეთილდღეობა, რომელიც ამ სტაბილურობას მოაქვს, არის ის, რასაც შეუძლია, ქართველები შთააგონოს, რათა მათ სარგებელი მიიღონ ჩვენი გამოცდილებიდან“, – აღნიშნავს დანიის ელჩი საავტორო სტატიაში.