ფრანგულმა საჯინიბო “რენომ” ავსტრალიელ პილოტთან დანიელ რიკარდოსთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ ინფორმაცია თავის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
29 წლის ავტომრბოლელი 2019 წლის დასაწყისიდან შეუერთდება ფრანგულ გუნდს. ხელშეკრულება ორწლიანი იქნება. ამ ინფორმაციას წინ უძღოდა რიკარდოს ამჟამინდელი გუნდის, “რედ ბულის” განცხადება იმის შესახებ, რომ არ აგრძელებს კონტრაქტს ავსტრალიელ პილოტთან.
ელოდებიან, რომ “რედ ბულში” რიკარდოს კარლოს საინსი შეცვლის, რომელსაც აქვს კონტრაქტი ავსტრიულ გუნდთან, მაგრამ წელს “რენოში” გამოდის. რიკარდოს პარტნიორი ფრანგულ საჯინიბოში კი გერმანელი ნიკო ჰიულკენბერგი იქნება.
საავტომობილო სპორტის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რიკარდომ თავად გადაწყვიტა “რედ ბულიდან” წასვლა, რადგან უკმაყოფილოა გუნდში მეორე ნომრის სტატუსით, გარდა ამისა, არ სჯერა “რედ ბულის” პერსპექტივების 2019 წელს, როცა ავსტრიელები “ჰონდას” ძრავებზე გადავლენ.