დანიელ ჰაგარი - ვრისკავთ საკუთარ სიცოცხლეს, რათა გადავარჩინოთ მძევლები, არ გავჩერდებით, ვიდრე „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილ 120 ადამიანს არ გავათავისუფლებთ
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ „ჰამასის“ ტყვეობიდან ოთხი მძევლის გათავისუფლების ოპერაცია ორ სხვადასხვა შენობაში ჩატარდა.
მისი თქმით, ისრაელის ძალები ამ ოპერაციისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ.
როგორც დანიელ ჰაგარი აღნიშნავს, ისრაელი არ გაჩერდება თავისუფლებისთვის ბრძოლაში და არ დაივიწყებს იმ 120 მძევალს, რომელიც „ჰამასის“ტყვეობაში ჯერ კიდევ რჩება.
„ეს იყო მაღალი რისკის, რთული ოპერაცია, რომელიც ღაზაში ორ სხვადასხვა შენობაში ჩატარდა. ისრაელის ძალები ამ ოპერაციისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ, ინტენსიური მომზადება გაიარეს, გარისკეს საკუთარი სიცოცხლე. აი, ამას აკეთებს ისრაელი. ვრისკავთ საკუთარ სიცოცხლეს, რომ გადავარჩინოთ მძევლები. გვიხარია ოთხი მძევლის დაბრუნება, მაგრამ არ ვივიწყებთ „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფ 120 მოქალაქეს. როდესაც ვამბობთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, სწორედ ამას ვგულისხმობთ. არ გავჩერდებით, ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლაში და ნებისმიერი სხვა, ღირსეული ქვეყანაც ასე მოიქცეოდა“, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.
აღსანიშნავია, რომ მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს, ისრაელის ელიტური კონტრტერორისტული დანაყოფის ოფიცერი არნონ ზამორა დაიღუპა. ოფიცერი მძიმედ დაიჭრა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ოთხი ადამიანი გაათავისუფლეს, რომელთა შორის არიან – 25 წლის ნოა არგამანი, 21 წლის ალმონგ მეირ იანი, 27 წლის ანდრეი კოზლოვი და 40 წლის შლომი ზივი.