დანიელ ჰაგარი - ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების 99 პროცენტი ისრაელის საჰაერო თავდაცვამ შეაჩერა
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანის მიერ ღამით ისრაელის მიმართულებით გაშვებული 300 სხვადასხვა სახის დრონებისა და რაკეტების 99% საჰაერო თავდაცვამ შეაჩერა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიღწევა“, – განაცხადა ჰაგარიმ.
მისივე თქმით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 170 დრონი გაუშვა და არცერთი მათგანი არ შესულა ისრაელის საჰაერო სივრცეში, ისრაელმა და მისმა მოკავშირეებმა ყველა მათგანი ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ ჩამოაგდეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ, ამასთან ერთად, ირანმა ისრაელის მიმართულებით 30 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ისრაელის საჰაერო სივრცემდე ვერ მიაღწია, 25-ის ჩამოგდება ისრაელმა მოახერხა.
გარდა ამისა, ჰაგარის თქმით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 120 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა, ბევრი მათგანი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის სისტემით Arrow, თუმცა ზოგიერთმა რაკეტამ მოახერხა ისრაელის თავდაცვის გვერდის ავლა და დაარტყა სამხრეთ ისრაელში მდებარე ნევატიმის საჰაერო ბაზას.
„ირანი ფიქრობდა, რომ შეძლებდა ბაზის პარალიზებას და ამით ჩვენი საჰაერო შესაძლებლობების დაზიანებას, მაგრამ ვერ შეძლო. საჰაერო ძალების თვითმფრინავები აგრძელებენ აფრენას და დაშვებას ბაზიდან, თავდასხმისა და თავდაცვის მისიებისთვის“, – აღნიშნა ჰაგარიმ.