დანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 124 -ს შეადგენს, 2017 წელს მათი რაოდენობა მთელი წლის განმავლობაში 76-ს, პირველი ექვსი თვის მონაცემებით კი 14 -ს შეადგენდა.
პირველი არხი დანიის სამეფოში საქართველოს ელჩს ესაუბრა.
„დანიის ძალიან მკაცრი საიმიგრაციო რეჟიმის გათვალისწინებით, იმის ალბათობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს მისცენ თავშესაფარი, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში, საქართველოდან შემოსული თხოვნების დაკმაყოფილება არის 0% პროცენტი“, – აცხადებს პირველ არხთან დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე.
საელჩო ფეისბუქის გვერდზე მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით დანიის საიმიგრაციო პოლიტიკაზე ინფორმაციას ავრცელებს.
„დანიის მკაცრი მიგრაციის პოლიტიკა რამდენიმე წლის წინ ევროპაში დაწყებულმა მიგრაციის კრიზისმა დანიას ამ მიმართულებით მკაცრი პოლიტიკის გატარებისკენ უბიძგა. ერთი მხრივ, აქცენტი კეთდება ქვეყანაში უკვე ჩამოსული მიგრანტების მაქსიმალურ ინტეგრაციაზე. ამ მხრივ, დანიის მთავრობის მიერ შემუშავდა სტრატეგია „დანია პარალელური საზოგადოების გარეშე“, რომელიც მიზნად ისახავს 2030 წლისთვის მიგრანტების სრულ ინტეგრაციას დანიურ საზოგადოებაში.
პარალელურად, დანიას მკაფიო პოზიცია გააჩნია ქვეყანაში მიგრანტთა ახალი ნაკადის შემოსვლასთან დაკავშირებით. ამიტომაც, კოპენჰაგენი საკმაოდ მკაცრი ზომებით ებრძვის არალეგალურ მიგრაციას და ცდილობს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირებას. გამკაცრდა და სკრუპულოზუrი გახდა აპლიკაციების შემოწმების პროცესი. შედეგად 2018 წელს, თავშესაფრის მაძიებელთათვის დაკმაყოფილებულ აპლიკაციათა რაოდენობამ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში.
მაგალითისთვის, 2018 წლის პირველ ნახევარში დანიის საემიგრაციო სამსახურმა მხოლოდ 581 თავშესაფრის მაძიებელს დაუკმაყოფილა მოთხოვნა, მაშინ როდესაც 2015 წელს ეს რიცხვი 10849 იყო.
ანალიტიკოსთა შეფასებით, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის კლება უმთავრეს მიზეზად დანიის მიერ მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკის მქონე ქვეყნის რეპუტაციის მოპოვება სახელდება, რაც მიგრანტებს დანიაში ჩასვლის მოტივაციას უკარგავს.
მიუხედავად ამისა, მიღწეულ შედეგებს არ ჯერდება და ქვეყნის საემიგრაციო პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრების მოთხოვნით გამოდის დანიის სახალხო პარტია, რომელიც ქვეყანაში სიდიდით მესამე პოლიტიკური ძალაა და მმართველი კოალიციის მოკავშირეა პარლამენტში.
კიდევ უფრო მკაცრია დანიელი “ახალი კონსერვატორების” პოზიცია, რომლებიც მომავალ არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ ქვეყნის პრემიერს შემდეგ მოთხოვნებს უყენებენ:
1. 0 თავშესაფრის მაძიებელი ქვეყანაში;
2. ყველა უცხოელი კრიმინალის დაუყოვნებლივი დეპორტაცია;
3. მხოლოდ თვითკმარი მიგრანტების შემოშვება ქვეყანაში.“, – აღნიშნულია საელჩო ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.