დანიური ბანკი იპოთეკურ სესხს უარყოფით საპროცენტო განაკვეთით გასცემს.
ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც კლიენტი ბანკში იმაზე ნაკლებ თანხას დააბრუნებს, ვიდრე ისესხა. როგორც „გარდიანი“ წერს, ინიციატივა დანიაში სიდიდით მესამე „იუსკე ბანკს“ ეკუთვნის.
ამიერიდან აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტის კლიენტებს 10-წლიანი იპოთეკური სესხის მიღება – 0,5 პროცენტში შეეძლებათ. კიდევ ერთი დანიური ბანკი „ნორდეა“ კი უახლოეს ხანში 20-წლიან იპოთეკურ სესხებს ნულ პროცენტში გასცემს.
როგორც „იუსკე“ ბანკში განმარტეს, ახალი პირობების მიხედვით, კლიენტები მაინც გადაიხდიან ყოველთვიურ შენატანს, თუმცა მათი კრედიტის ძირი თანხა უფრო სწრაფად დაიფარება.
„რეალურად, ჩვენ, თანხას კლიენტს ხელში არ მივცემთ, მაგრამ ყოველ თვე თქვენი სესხი იმაზე მეტი თანხით შემცირდება, ვიდრე თქვენ იხდით“, – განაცხადეს ბანკში.
პარალელურად, შვეიცარიულ ბანკ „იუბიესში“ უკვე განაცხადეს, რომ მათ მდიდარ კლიენტებს, ვისაც ბანკში 500 000 ევროზე მეტი ანაბარი აქვთ, ყოველწლიურად ამ თანხის 0,6 პროცენტის გადახდა ბანკისთვის მოუწევთ. მსხვილი მეანაბრეებისთვის უარყოფითი საპროცენტო განაკვეთის დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ დანიაშიც.