დანიასა და შვედეთში ყურანისა და სხვა რელიგიური წიგნების დაწვის აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავენ
დანიასა და შვედეთში ყურანისა და სხვა რელიგიური წიგნების დაწვის აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავენ

დანიასა და შვედეთში ყურანისა და სხვა რელიგიური წიგნების დაწვის აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავენ. როგორც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მსგავსი აქციები ექსტრემისტების წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება.

კოპენჰაგენში სწავლობენ სამართლებრივ გზებს, რომლითაც მთავრობა ზოგიერთ შემთხვევაში საპროტესტო აქციების აკრძალვას შეძლებს, მათ შორის საუბარია უცხო ქვეყნების საელჩოებთან დაგეგმილ აქციებზე.

„დანიის ხელისუფლება განიხილავს ჩარევის გზებს ისეთ შემთხვევებში, როდესაც საპროტესტო აქციები შეურაცხყოფას აყენებს სხვა ქვეყნებს, კულტურებს ან რელიგიებს, და რაც განსაკუთრებით ცუდი შედეგის მომტანი შეიძლება, აღმოჩნდეს ქვეყნისთვის“, – ნათქვამია დანიის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამასთან, კოპენჰაგენში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები იმგვარად უნდა იყოს მიღებული, რომ კონსტიტუციით დაცული გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას საფრთხე არ დაემუქროს.

დანიის საგარეო უწყებაში აღიარებენ, რომ ბოლო პერიოდში ყურანის დაწვის გახშირებულმა შემთხვევებმა უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის იმიჯზე.

„ამ აქციების შედეგად დანია განიხილება ქვეყნად, რომელიც ხელს უწყობს სხვა ქვეყნების კულტურის, რელიგიების და ტრადიციების შეურაცხყოფას და დამცირებას“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლეკე რასმუსენმა.

მისივე თქმით, ყურანის დაწვის აქციები 15 ქვეყნის მთავრობამ დაგმო და რამდენიმე ქვეყანამ ელჩი გაიწვია.

შვედეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რელიგიური ტექსტების დაწვის აკრძალვის შესახებ მსჯელობა დაწყებულია სტოკჰოლმშიც.

სკანდინავიურ ქვეყნებსა და მუსლიმურ სახელმწიფოებს შორის უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ურთიერთობები გამწვავდა. ამის მიზეზი იყო დანიასა და შვედეთში გამართული აქციები, რომლებზეც მუსლიმთა წმინდა წიგნი დაწვეს.

დღეს შვედეთსა და დანიაში ყურანის დაწვის საკითხზე ისლამური ქვეყნების თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო სხდომა გაიმართება.